17 მარტს, 19:00 საათზე, წიგნის კაფე „ბიბლუსში“ (მიშველაძის #5/ვაკის პარკი) გეპატიჟებით ჯეიმზ ჯოისის შედევრის – „ღამისთევა ფინეგანისათვის“ პირველი ქართული თარგმანის წარდგენაზე.
წიგნს წარადგენს მთარგმნელი თამარ გელაშვილი; მოდერატორი: ზვიად კვარაცხელია.
ჯეიმზ ჯოისის უკანასკნელი რომანი „ღამისთევა ფინეგანისათვის“ რევოლუციური შედევრია, რომელზეც ავტორი 17 წელი მუშაობდა და 60-მდე ენა გამოიყენა. „მეხუთე სახარებად“ წოდებული რომანის მთავარი სირთულე, მრავალენოვანობის გარდა, უხვი ალუზია-რემინისცენციები და სიტყვათა ვირტუოზული თამაშია. რომანს ხშირად „ღამის წიგნად“ მოიხსენიებენ, რადგან მოქმედება ღამით ხდება, როდესაც ადამიანის არაცნობიერი განსაკუთრებით ბნელი, ბუნდოვანი და შეუცნობელია.
ფინეგანის გაცოცხლება ირონიულ-პაროდიულია, რადგან სხვადასხვა რელიგიასა და მითოლოგიაში მკვდრეთით ღმერთები/გმირები აღდგებიან, ხოლო ჯოისის რომანის პერსონაჟი ამაღლებული საწყისისგან შორსმყოფი ერთი ჩვეულებრივი ლოთი, გახრწნილი კაცია. ფინეგანი ყველა დაცემული ღმერთი, ადამიანი და მითური გმირია, რომელთა აღდგომას ელის კაცობრიობა.
„ღამისთევა ფინეგანისათვის“ ერთადერთი რომანია, რომელიც დღემდე არ თარგმნილა და პირველად გამოიცა ქართულად, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ჯეიმზ ჯოისის კვლევასა და თარგმნას დიდი ტრადიცია აქვს.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება თამარ გელაშვილის ნახატები, რომელიც ჯეიმზ ჯოისს ეძღვნება.
დასწრება თავისუფალია, გელით, ვისაუბროთ მსოფლიო შედევრზე, შევხვდეთ მთარგმნელს და დავათვალიეროთ მისივე ნახატები ![]()
ვრცლად წიგნის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე
https://shorturl.at/lUW4j
