კურსის შედეგად იქმნება გრაფიკული პოსტერი, რომელზეც საქართველოს მთელი ისტორია იკითხება საქართველოს ისტორიის გრაფიკული ამბავი დაიწერება მხოლოდ ერთხელ - ეარში, ამიტომ იჩქარეთ, რომ გახდეთ ერთ-ერთი ავტორი.
ეარის ეს კურსი შეიქმნა ახალგაზრდებისთვის, ისტორიის ენთუზიასტებისთვის და უბრალოდ ცნობისმოყვარე ადამიანებისთვის, მართალი რომ გითხრათ, ქვეყნის ნამდვილი პატრიოტებისთვის, ვისაც საქართველოს მრავალშრიანი ისტორიის დანახვა აინტერესებს ერთიან, უწყვეტ პროცესად.
კურსზე არავინ ეცდება თარიღებისა და მოვლენების დამახსოვრებას. კურსს გაუძღვება ისტორიკოსი ბუბა კუდავა, რომელიც ეცდება საქართველოს სამთავროების, პოლიტიკური ერთეულებისა და ძალაუფლების ფორმების ჩამოყალიბებისა და განვითარების ისტორია ამბებად, თავგადასავლებად დაგვრჩეს მეხსიერებაში.
სწავლება წარიმართება ნახევრად აკადემიურ ფორმატში — დავიცავთ სიზუსტეს და შევინარჩუნებთ კრიტიკულ ხედვას, პროცესი დაეფუძნება მონაწილეთა აქტიურ ჩართულობასა და დიალოგებს.
ამდენად კურსი ინტერაქტიული პროცესია: მონაწილეები უსმენენ ლექციებს, აგროვებენ ისტორიულ მასალებს, მუშაობენ წყაროებთან, რუკებთან, ქრონიკებსა და ვიზუალურ არტეფაქტებთან. აქ ისტორია აღიქმება როგორც ნარატივი, რომლის აგებაშიც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ „რა მოხდა“, არამედ როგორ მოხდა - როგორ ჩამოყალიბდა პოლიტიკური სივრცე, როგორ იცვლებოდა საზღვრები, ძალაუფლება და ცენტრები, და რა კავშირები არსებობდა სხვადასხვა ეპოქასა და ერთეულს შორის.
კურსის საბოლოო შედეგი იქნება კოლექტიურად შექმნილი გრაფიკული ამბავი — პოსტერი - ვიზუალურ-ნარატიული ისტორია, რომელიც საქართველოს გრძელ ისტორიას მოჰყვება. ეს ნამუშევარი გააერთიანებს აკადემიურ ცოდნასა და გრაფიკულ თხრობას, როგორც ისტორიის გააზრების თანამედროვე ფორმას, და მონაწილეებს მისცემს შესაძლებლობას, ისტორიული კვლევა გარდაქმნან მკაფიო, გააზრებულ და გაზიარებად ამბად.
ეს იქნება კურსი, რომელიც მხოლოდ ერთხელ ჩატარდება, რადგან მის განმავლობაში შეიქმნება საქართველოს ისტორიის ისეთი ვერსია, რომელიც საგანმანათლებლო ინსტიტუციებში, სკოლებსა, თუ უნივერსიტეტებშიც ისევე დაიმკვიდრებს ღირსეულ ადგილს, როგორც ნებისმიერი მყუდრო ოთახისა თუ ბიბლიოთეკის ინტერიერში.
ვიკრიბებით კვირაში ერთხელ (სამშაბათი)
შეხვედრის დაწყების დრო განისაზღვრება მონაწილეებთან შეთანხმებით.
კურსის ხანგრძლივობა 4 თვე, დასაწყისი - 17.02
კურსი მოიცავს 12 შეხვედრას
ასაკობრივი შეზღუდვა: 15+
საფასური: 1050 ლარი
