მისამართი: დ. აღმაშენებლის გამზ. 83 /23, 0105 თბილისი,
სამუშაო დღეები ყოველი დღე,
სამუშაო საათები 10-18 სთ;
დიდი ქართველი ბალეტმაისტერი, მოცეკვავე და პედაგოგი, ქართული საბალეტო დასის ფუძემდებელი ვახტანგ მიხეილის ძე ჭაბუკიანი ამ ბინაში 1947 წლიდან 1992 წლის 6 აპრილამდე, გარდაცვალებამდე ცხოვრობდა. 1993 წ. 10 მაისს ვ. ჭაბუკიანის ბინა სახლ მუზეუმის მოსაწყობად კულტურის სამინისტროს გადაეცა. მუზეუმის ხელმძღვანელობა დროებით ვ. ჭაბუკიანის დისშვილს – სოფიო გორდონს დაევალა, რომელიც მალე გარდაიცვალა. ამ პერიოდში საქართველოში საერთო გაჭირვების ფონზე, ჭაბუკიანის ბინაში არსებული ნივთების სამუზეუმო ექპონატებად შენარჩუნება ვერ მოხერხდა. მუზეუმი ვეღარ ფუნქციონირებდა. იგი დროებით დაიკეტა და დაილუქა.
1999 წ. 17 ნოემბერს ვახტანგ ჭაბუკიანის საერთაშორისო ცენტრმა (პრეზიდენტი – ეთერ გუგუშვილი) დამფუძნებელთა სხდომის გადაწყვეტილების თანახმად, წინადადებით მიმართა კულტურის მინისტრს ვ. ასათიანს. ჭაბუკიანის 90 წლისთავის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, გაეხსნათ ვახტანგ ჭაბუკიანის სახლ–მუზეუმი. კულტურის სამინისტრომ თანხების უქონლობის გამო ვერც ამჯერად შეძლო დახმარება. აღნიშნული პრობლემების მოგვარება კულტურის მინისტრის თხოვნით, თავის თავზე თბილისის მერიამ აიღო. 2000 წ. 31 მარტს გამოქვეყნდა საქართველოს კულტურის მინისტრის ვ. ასათიანის ბრძანება N 3/22, ვ.ჭაბუკიანის სახლ-მუზეუმის ქ. თბილისის მერიისათვის გადაცემის შესახებ.
ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ სახლ-მუზეუმში დაცულია ბალერონის პირადი ნივთები (ავეჯი, როიალი და სხვ.), სასცენო კოსტუმები, მრავალფეროვანი დოკუმენტური მასალა, ფოტოკოლექცია, პირადი ბიბლიოთეკა და არქივი. მათ შორის, ვარსკვლავთა საერთაშორისო კატალოგის - „კოსმოს-ზემლიას“ სერთიფიკატი (N 35110407025), რომლის მიხედვითაც, უსახელო ვარსკვლავს გედის თანავარსკვლავედში ვ. ჭაბუკიანის სახელი მიენიჭა.
ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური სახლ-მუზეუმის განახლებული ექსპოზიცია 2017 წლის 27 თებერვალს, სიმბოლურად, ვახტანგ ჭაბუკიანის 107-ე დაბადების დღეს გაიხსნა.
„ახალგაზრდული ბარათის“ მფლობელთათვის, შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით, ყველა მუზეუმში შესასვლელ ბილეთებზე მოქმედებს ფასდაკლება 20%-ის ოდენობით. ბარათის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ადგილზე.
შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით მუზეუმში შესვლა უფასოა:
➢ ICOM-ის წევრებისთვის;
➢ პენსიონერთათვის;
➢ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის;
➢ 6 წლამდე ბავშვებისთვის;
➢ სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებული პირებისთვის;
➢ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანებისათვის და მათთან გათანაბრებული პირებისათვის.