მენიუ
ეს ამბავი ერთის მხრივ მოგვითხრობს მითოლოგიური მზის ღმერთის ჰელიოსის შესახებ, მაგრამ ამავდროულად არაფერი აქვს საერთო ბერძნულ მითთან. სპექტაკლში ჰელიოსი არ წარმოადგენს ადამიანს ან პიროვნებას, ის მხოლოდ სიმბოლური გასაღებია თვითშემეცნების გზაზე აზროვნების ვაკუუმში მყოფი ადამიანისთვის.
მთავარი მოქმედება ხდება სიმულაციურ სამყაროში არსებულ სარკეებიან ოთახში, სადაც მოსახლეობა ზომბირებულ, „მძინარე“ მდგომარეობაში იმყოფება. ეკრანებზე მიჯაჭვულ ადამიანებს ტელე-რადიო მაუწყებელი აწვდის საგანგებო ინფორმაციას, რომ შესაძლოა მათ სამყაროში გამოჩნდეს „ჰელიოსი“ და სიფრთხილისკენ მოუწოდებს მოსახლეობას.
სოციუმის წევრებში შეინიშნება დაბნეულობა. ისინი არაერთგავაროვნად რეაგირებენ ამ ინფორმაციაზე და ჰელიოსის გამოჩენაზეც სხვადასხვაგვარ მოლოდინებს ამყარებენ. ზოგიერთი მათგანი ხსნას მესიის გამოჩენაში ხედავს .
ნაჩვენებია, ციფრულ ოთახში გამოკეტილი სოციუმის კრიზისული მდგომარეობის თავისებურებები: სტაგნაცია, შინაგანი ქაოსური და ამღვრეული განცდები, საკუთარ თავთან და ერთმანეთთან არსებული დაპირისპირება, ამპარტავნობა, შინაგანი სიცარიელის განცდა, ორპირობა, გულუბყვილობა რომელიც ვლინდება ყოველდღიურობაში. ფსიქოლოგიური კრიზის ფონზე მოსახლეობის წევრები ერთმანეთს სთავაზობენ ფსევდო სულიერი და პიროვნული ზრდის სერვისებს და პროფანულ მომსახურეობას.
მიუხედევათ ამისა, ადამიანთა მცირე ნაწილი მეტად გრძნობს და იაზრებს ოთახში არსებულ მენტალურ ხაფანგებს და ილუზორულობას. ხდება ფასეულობების გადაფასება და თვითრეფლექსის მცდელობები.
ეკრანი მოულოდნელად წყვეტს მაუწყებლობას. მას მერე ჰელიოსის გამოჩენის ინტერესი კიდევ უფრო მძაფრდება და კულმინაციას აღწევს.