დევნილთა უღელტეხილი თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
დევნილთა უღელტეხილი

დევნილთა უღელტეხილი

დევნილთა უღელტეხილი
99/1 D.Agmashenebeli avenue
ბილეთის ფასი
დან16 ₾
ქართული

განრიგი

25.10.2026
კვირა
20:00
16 ₾ - 25 ₾
16 ₾ - 25 ₾
ვრცლად

აღწერა

ნიკოლოზ რობაქიძის პიესა „დევნილთა უღელტეხილი“ შთაგონებულია გურამ ოდიშარიას ამავე სახელწოდების მოთხრობით. სპექტაკლი თანამედროვე ადამიანების ისტორიით იწყება: მეგობრები და ახლობლები ერთ სახლში იკრიბებიან, სადაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მოლოდინში დროის გასაყვანად სამაგიდო თამაშის დაწყებას გადაწყვეტენ. თუმცა თამაში თანდათან იცვლის სახეს და მონაწილეები აღმოჩნდებიან სამყაროში, სადაც გადარჩენისთვის ბრძოლა, ომი, დევნილობა და არჩევანის გაკეთება უწევთ.

 

თამაშის თითოეული ახალი ეტაპი მათ უფრო და უფრო უახლოვებს იმ რეალობას, რომელსაც თავიდან მხოლოდ წესების მიხედვით შექმნილ თავგადასავლად აღიქვამდნენ. მათ წინაშე დგება მძიმე არჩევანი - ვის დაეხმარონ, რა წაიღონ თან, როგორ გადალახონ უღელტეხილი და შეძლებენ თუ არა ყველა ადამიანის გადარჩენას. საბოლოოდ კი მაყურებლისთვისაც ბუნდოვანი ხდება ზღვარი თამაშსა და რეალობას შორის.

 

სპექტაკლის ცენტრში დგას დევნილობის გამოცდილება - სახლიდან მოწყვეტა, დაკარგული წარსული, ომის ტრაგედია და სამშობლოსთან დაბრუნების სურვილი. განსაკუთრებით მტკივნეულად იკვეთება ადამიანური ურთიერთობების თემა: ბავშვობის მეგობრები შეიძლება ომის სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდნენ, ხოლო უცხო ადამიანი ყველაზე რთულ მომენტში შეიძლება ყველაზე ახლობელი გახდეს.

 

„დევნილთა უღელტეხილი“ გვაფიქრებს ომის ფასზე, მეხსიერებაზე, ადამიანურ არჩევანსა და იმ პასუხისმგებლობაზე, რომელიც ერთმანეთის მიმართ გვაკისრია. უღელტეხილი აქ მხოლოდ ფიზიკური გზა არ არის - ის იმ მძიმე გზის სიმბოლოა, რომლის გავლაც ადამიანებს ომისა და დევნილობის დროს უწევთ. პიესაში თავადაც ისმის კითხვა: რამდენი ხანია, რაც ეს უღელტეხილი უკვე ჩვენი ისტორიის ნაწილია და რამდენად შორს არის მისი დასასრული?

 

რეჟისორი - ენრი ვერულიძე

მხატვარი - სანდრო მარველაშვილი

კომპოზიტორი - გიორგი ჯღარკავა

რეჟისორის თანაშემწე - ინგა კაჭახიძე

 

მონაწილეობენ: ანა ზამბახიძე, ნიკა ნანიტაშვილი, ალექსანდრე შარაბიძე, ლალი ღერკენაშვილი, ნიკა ხრიკული.

 

ასაკი: 12+.

ფოტო და ვიდეო

დევნილთა უღელტეხილი

ადგილი

მოზარდ მაყურებელთა თეატრი (ნოდარ დუმბაძის თეატრი)
1928 წელს ალექსანდრე თაყაიშვილმა შექმნა მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრი. პირველი სპექტაკლის "ფრიც ბაუერის" (N. Sats) პრემიერა 11 ნოემბერს შედგა. მას მოჰყვა სპექტაკლები: „რობინ ჰუდი“ (ს. ზაიატსკი), „ადამიანი შავ სათვალეებში“ (ვ. კურდიუმოვი), „ჰიავათა“ (ნ. ოგნევი) და სხვა. მაყურებელი სპექტაკლებს დიდი ინტერესით ადევნებდა თვალს. ამ სპექტაკლების წარმატება ხელოვანების დამსახურებაა: გ.კუპრაშვილი, თ.თვალიაშვილი, გ.დარისპანაშვილი, მ.ერგნელი, ცოტა მოგვიანებით: ვ.არეშიძე, ი.ნინუა, ა.კაჭკაჭიშვილი, ნ.სირბილაძე, დ. ცხაკაია, ნ.ხორავა, მ.ძაჟანაშვილი, ი.დონაური, გ.დეისაძე, ა.ქიასაშვილი, დ.ძნელაძე, ა.ღვინიაშვილი და სხვები. 1998 წელს მოზარდ მაყურებელთა ქართული და რუსული თეატრი გაერთიანდა ნ.დუმბაძის სახელობის ცენტრალური საბავშვო თეატრის სახელწოდებით. თეატრმა ერთობლივი საქმიანობა რუსეთის ახალგაზრდული თეატრის ყოფილ შენობაში დაიწყო. საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ და თეატრის მენეჯმენტის წყალობით შენობის სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება