31 მარტს თანამედროვეობის უდიდესი მოღვაწის, ქართული ფოლკლორის პატრიარქის - ბატონ ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალების დღეა... სწორედ ამიტომ, ჩვენს შეხვედრას განსაკუთრებული, სიმბოლური და ემოციური დატვირთვა აქვს.
1 აპრილს, 17:00 საათზე, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში გიწვევთ მაესტროსადმი მიძღვნილი მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის - „შავი შაშვი ჩი-ოო-და...“ ჩვენებაზე.
ფილმის შექმნის ისტორია ემოციური და მისტიკურია: ყველაფერი რეჟისორ გიორგი ჭუმბურიძის მიერ ანზორ ერქომაიშვილის მოგონებების კითხვით დაიწყო. ანიმაციური ფილმის თავდაპირველი ჩანაფიქრი, მაესტროს გარდაცვალების შემდეგ, ბიოგრაფიულ კინოსურათად გარდაიქმნა. ფილმში თავისი მასწავლებელი მიშო ჯავახიშვილმა განასახიერა, არტემ ერქომაიშვილის როლი კი ირაკლი კავსაძემ შეასრულა. პირვანდელი ანიმაციური იდეიდან მხოლოდ „შავი შაშვი“ დარჩა - ჩიტი, რომელიც საოცარი დამთხვევით, გადაღების პირველსავე დღეს მართლაც გამოჩნდა მოედანზე.
კინოსურათი ნაჩვენები იყო თბილისისა და იაპონიის ეკრანებზე. აღსანიშნავია, რომ იაპონელი პროდიუსერები იმდენად მოიხიბლნენ ნამუშევრით, რომ მისი სრულმეტრაჟიან ფილმად ქცევა განიზრახეს.
ჩვენების დასრულების შემდეგ, გადასაღები მოედნის კულისებზე, ამ საინტერესო ამბებსა და სამომავლო გეგმებზე თავად რეჟისორი - გიორგი ჭუმბურიძე გვესაუბრება.
გელოდებით ყველას, რათა ერთად მივაგოთ პატივი დიდებული მაესტროს ხსოვნას.
ლოკაცია: მე-2 ადმინისტრაციული კორპუსი, ელდარ შენგელაიას კინოდარბაზი.
დრო: 1 აპრილი, 17:00 სთ.
დასწრება თავისუფალია.