ამ ანიმაციურ ფილმში პარალელურად ვითარდება ორი ისტორია: „რამაიანას“ გმირის, ქალღმერთ სიტას ამბავი (მისმა ქმარმა რამამ იგი ღალატში დაადანაშაულა და მიატოვა, ხოლო სიტა ცდილობს დაამტკიცოს თავისი უდანაშაულობა) და თავად ნინა პეილის ისტორია, რომელიც ნაღვლობს ინდოეთში წასული თავისი ბოიფრენდის გამო.
მულტფილმში ჟღერს 1930-იანი წლების ამერიკელი ჯაზის მომღერლის ანეტ ჰენშოუს მრავალი სიმღერა, რომლებიც სიუჟეტის მიხედვით სიტას მიერ შესრულებულად არის წარმოდგენილი.
ნინა პეილი კომიქსების ინდუსტრიის ვეტერანი და თავისუფალი კულტურის მოძრაობის აქტივისტია. 1998 წელს მან დამოუკიდებლად დაიწყო ანიმაციური ფილმების შექმნა ფესტივალებისთვის. ეს მისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია, რომელიც მან ხუთი წლის განმავლობაში მარტო, საკუთარ კომპიუტერზე შექმნა.
🏆 30-ზე მეტი საერთაშორისო ჯილდო, მათ შორის:
— საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის პრიზი ანსის საერთაშორისო ანიმაციური ფილმების ფესტივალზე;
— სპეციალური აღნიშვნა ახალგაზრდული პროგრამის Generation 14+ ფარგლებში ბერლინის 58-ე კინოფესტივალზე.
