ფილმი, რომელიც გონებამახვილურად იკვლევს კინოს ბუნებას, როგორც სხვისი ცხოვრების ფარულად ყურებით მიღებულ სიამოვნებას — ვუაიერისტული კინო, რომელიც თავად ვუაიერიზმის აქტს აქცევს მთავარ თემად.
ფოტოგრაფი ჯეფი, რომელიც ტრავმის შემდეგ ინვალიდის ეტლს არის მიჯაჭვული, დროს ფანჯრიდან მეზობლების ცხოვრებაზე დაკვირვებით ირთობს. ერთ დღეს მისი ეჭვები და წარმოსახვა ერთმანეთს ერწყმის — ჯეფი იწყებს ფიქრს, რომ ერთ-ერთმა მეზობელმა მკვლელობა ჩაიდინა. თუმცა, რადგან ბინის დატოვება არ შეუძლია, მის ხელთ მხოლოდ ის ფრაგმენტებია, რასაც ფანჯრიდან ხედავს.
„ფანჯარა ეზოს მხარეს“ ჰიჩკოკის ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი თამაშია ადამიანის პარანოიასთან და იმ ბუნებრივ მიდრეკილებასთან, რომ უცნობი დეტალები საკუთარი წარმოსახვით შევავსოთ. რეჟისორი მთელ ფილმს თითქმის უძრავი გმირის ირგვლივ აგებს, კამერას კი მისი სხეულის გაგრძელებად აქცევს. შედეგად, ხედვის არეალი ერთდროულად ეზღუდება როგორც ჯეფს, ისე მაყურებელს — და სწორედ ამ შეზღუდვიდან იბადება ფილმის დაძაბულობა.