,,სპექტაკლი „პლატონი“ ერთდროულად აერთიანებს რეალობასა და ფანტაზიას სცენაზე. პლატონ გიგინეიშვილი გვახსენებს, რომ ნამდვილი ექიმი მხოლოდ სხეულს არ კურნავს, ის მთელ ქალაქს აძლევს სიცოცხლის ძალას, სიყვარულით, რწმენით და სიკეთით. მისი სამყაროს თანამონაწილეები არიან ლირიკული სახეები : ევკალიპტი, ჩხიკვი, დედა ბათუმი, ვერიკო, ყავახანა -დურსუნი, თუნდაც ადამიანურ სახეებამდე ამაღლებული კოღო კოპერპისტუსი და ზღვის თევზები.
წარმოდგენილი სამყარო მიმზიდველი და შემეცნებითია, როგორც ბავშვისთვის, ასევე ზრდასრული მაყურებლისთვისაც. განსაკუთრებულად შთამბეჭდავია საფინალო სცენა, სადაც „მწვანე წვიმა“ ექიმის სულის მსგავსად ბრუნდება ქალაქზე როგორც სიკეთის უკანასკნელი უფასო რეცეპტი. სპექტაკლი გვესაუბრება ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორებიცაა: სიყვარული, რწმენა, თავდადება და უანგარო სიკეთე.”
2016 წლის 14 იანვრიდან ბათუმის თოჯინებისა და მოზარდთა თეატრის შემოქმედებითი პროცესი განახლებულ შენობაში გრძელდება. ისტორიულ შენობას თავისი ერთსართულიანი და საზაფხულო ფართით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.