ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ გადაწყვეტილებით, ბუნებრივი ღვინის ფესტივალი „ამერიმერი“ 2024 წლიდან სოლიკო ცაიშვილის სახელობისაა. წელს ფესტივალი 6 დეკემბერს გაიმართება და მას ისევ ქალაქი წყალტუბო, კერძოდ - სასტუმრო „ლეგენდს წყალტუბო სპა რეზორტი“ უმასპინძლებს.
სახელწოდება - „ამერიმერი“ ასოციაცია ბუნებრივი ღვინის ერთ-ერთი დამფუძნებლის, საქართველოში ბუნებრივი მეღვინეობის და ქვევრის ღვინის აღორძინების პიონერის, სოლიკო ცაიშვილის მოფიქრებულია. მისი იდეა იყო, რომ ფესტივალი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ჩატარებულიყო და მოეცვა საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის ყველა რეგიონი. პირველი „ამერიმერი“ ქალაქ ქუთაისში ჩატარდა, რადგან დასავლეთ საქართველოში მსგავსი ფესტივალები იმ დროს, ფაქტობრივად, არ არსებობდა. ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ დამფუძნებლები დღემდე დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ამ გარემოებას და ამიტომ „ამერიმერი“ ჯერჯერობით კვლავ იმერეთში ტარდება, რათა დასავლეთ საქართველოს ღვინის გურმანებისთვის უფრო მეტად მისაწვდომი იყოს ბუნებრივი ღვინო და ჰქონდეთ საშუალება, ფესტივალზე უშუალოდ ბუნებრივი ღვინის მწარმოებელ მეღვინეებს შეხვდნენ და ესაუბრონ.
ბუნებრივი ღვინის ფესტივალი „ამერიმერი“ პირველად 2017 წელს ჩატარდა, რომელშიც სოლიკო ცაიშვილმაც მიიღო მონაწილეობა (მარანი „ჩვენი ღვინო“). სამწუხაროდ, სოლიკო 2018 წელს გარდაიცვალა და ფესტივალის შემდგომ წარმატებას ვეღარ მოესწრო.
ფესტივალში მხოლოდ ასოციაცია „ბუნებრივი ღვინის“ წევრი მარნები მონაწილეობენ. თავის მხრივ, ასოციაციაში გაწევრიანებული არიან მევენახე-მეღვინეები, რომლებიც ღვინოებს ორგანული წესით მოვლილი ვენახებიდან მიღებული ყურძნით, ბუნებრივი ღვინის ტრადიციებისა და წესების დაცვით აყენებენ. ეს ნიშნავს, რომ ვენახები იწამლება მხოლოდ კონტაქტური პრეპარატებით, ისიც - შეზღუდული დოზებით, არ გამოიყენება არანაირი ჰერბიციდი და ქიმიური გზით წარმოებული სინთეზური, მინერალური სასუქები. მარანში ღვინის დაყენებისას, შენახვისას და ჩამოსხმისას აკრძალულია სელექციური საფუვრების, ენზიმების, გამწებავი ნივთიერებების, ღვინის გემოების რეგულატორების, მჟავების, ბექმეზის და სხვა ათასგვარი ინდუსტრიული დანამატების გამოყენება.
ღვინის გურმანების გარდა, „ამერიმერს“, ტრადიციულად, სტუმრობენ ექსპორტიორები, რესტორატორები, ღვინის ექსპერტები და ჟურნალისტები, როგორც საქართველოდან, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან და მონაწილეებს საშუალება აქვთ, რომ მათ წარუდგინონ თავიანთი ღვინოები. ეს კი ხელს უწყობს ქართული ბუნებრივი ღვინის ექსპორტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
ცხალტუბო — ქალაქი დასავლეთ საქართველოში, ცხალტუბოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ქუთაისიდან ჩრდილო-დასავლეთით 8 კილომეტრში. მოსახლეობა — 11 281 ადამიანი. ქალაქში მოქმედებს რკინიგზის სადგური, რომელიც წარმოადგენს ხაზის ბროწეულა — ქუთაისი — ცხალტუბოს საბოლოო პუნქტს. თბილისამდე რკინიგზით მანძილი შეადგენს 242 კილომეტრს.