კურატორი: თამო ჯუღელი
‘გარიჟრაჟი’ არა მხოლოდ დროის გარდამავალი მონაკვეთია, არამედ სტრუქტურული პარადიგმა, რომელიც ბინარულ ოპოზიციებს — ღამე/დღე, სინათლე/სიბნელე, ხელოვნება/დეკორატიულობა — დესტაბილიზაციას ახდენს. ამ გარდამავალ სივრცეში იშლება მკვეთრი საზღვრები და კითხვის ნიშნის ქვეშ დგება თავად ესთეტიკის სისტემა.
გამოფენა აყალიბებს დიალოგს ორ ავტორს — სოფო ამბრასა და ნატო სირბილაძეს შორის, რომელთა ნამუშევრები სინათლის ბუნების სხვადასხვაგვარ ინტერპრეტაციას გთავაზობს.
სოფო ამბრას ფერწერა იბადება ღამის წიაღში: შავ ფონზე ინტუიციურად წარმოქმნილი ფიგურები ქმნიან კოსმოგონიურ სივრცეს, სადაც თავად გამოსახულებები იქცევიან სინათლის წყაროდ. ეს ფიგურები არსებობენ მითოლოგიურ, ფსიქოლოგიურ და დროის მიღმა არსებულ რეალობაში.
ნატო სირბილაძის კომპოზიციებში ღამის წიაღს თანდათან ანაცვლებს რბილი, ატმოსფერული შუქი. მისი ფიგურები თითქმის შლიან საზღვრებს სხეულსა და გარემოს შორის, ხოლო გამჭვირვალე, ღია სივრცეები და რბილი კონტურებით გამოყვანილი ფორმები ქმნიან შთაბეჭდილებას, რომ სინათლე ამჯერად გარედან აღწევს.
ეს დიალოგი ვითარდება ლიმინალურ, გარდამავალ ველში — იქ, სადაც ღამე ჯერ კიდევ არ დასრულებულა, ხოლო დღე ჯერ არ დაწყებულა. ‘გარიჟრაჟი’ მხოლოდ ბუნებრივი ფენომენი არ არის, არამედ მეტაფორაა იმ მდგომარეობისა, სადაც კატეგორიები, საზღვრები და იდენტობები ირღვევა და დროებით ფორმას იღებს.
ასეთ გარდამავალ მოცემულობაში ჩნდება რამდენიმე კონცეპტუალური კითხვა: რას ნიშნავს, როდესაც ხელოვნება უარს ამბობს მხოლოდ ესთეტიკური აღქმის ობიექტად ყოფნაზე? როგორ იცვლება მხატვრული ფორმის სტატუსი, როდესაც იგი სცდება ჟანრულ ჩარჩოებს და იჭრება საზღვრისპირა სივრცეში — იქ, სადაც რთულია განსაზღვრო, ეს ფერწერაა, კიჩი, დეკორაცია თუ ილუსტრაცია?
აღქმა ნეიტრალური აქტი არ არის — ის ისტორიულად და კულტურულად განსაზღვრული პარამეტრებით ფორმირდება (Rancière). შესაბამისად, ვიზუალური გამოცდილება, რომლის წინაშეც მაყურებელი დგება, ყოველთვის უკვე გარკვეული ძალაუფლებრივი და ესთეტიკური სისტემებით არის კოდირებული. ამ კონტექსტში ნატო სირბილაძისა და სოფო ამბრას ფერწერა გვთავაზობს ესთეტიკის ზედაპირის დეკონსტრუქციას. თითქოსდა უწყინარი დეკორატიული ფორმები — ყვავილები, ანგელოზის მოტივები, მოდულირებული პერსონაჟები, სტილიზირებული ფორმები— გარდაიქმნება პოლიტიკურ ნიშნებად, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებს თავად ესთეტიკური აღქმის ნეიტრალურობას.
ამ თვალსაზრისით, სირბილაძისა და ამბრას ნამუშევრებში კიჩი, დეკორატიულობა და ილუსტრაციულობა — რაც ხშირად ითვლება მხატვრული ფასეულობისგან გათიშულ ფორმებად — იძენს ახალ ფუნქციას. ისინი მოქმედებენ როგორც ერთგვარი ‘კრიტიკული კამუფლიაჟი’ (Foster), რომელიც ეჭვქვეშ აყენებს იმ ესთეტიკურ და დისკურსულ იერარქიებს, რომლებიც ისტორიულად ჩამოყალიბდა ხელოვნების სფეროში.
სოფო უმბრა — ქართველი თვითნასწავლი ხელოვანია, რომელიც ნიუ-იორკში ცხოვრობს და მუშაობს. ხატვისადმი სიყვარული ადრეული ასაკიდანვე გაუჩნდა, ფერწერით კი აქტიურად 2021 წლიდან არის დაკავებული. მისი შემოქმედებითი პრაქტიკა იკვლევს ფერს, ემოციას და ქვეცნობიერს შორის არსებულ ურთერთკავშირს.
სახის გამომსახველობითობასა და სხეულის ენაზე დაყრდნობით, იგი შინაგან განცდებს ვიზუალურ ფორმად გარდაქმნის, რითაც მაყურებელს უხილავის დანახვის შესაძლებლობას აძლევს. მისი სამუშაო პროცესი ღრმად ინტუიციურია — თითოეული ნამუშევარი სპონტანურად იქმნება და ემოციის კარნახით ვითარდება
2025 წელს მან მონაწილეობა მიიღო ჯგუფურ გამოფენაში ნიუ-იორკის Van Der Plas გალერეაში.
ნატო სირბილაძემ (დაბ. 1955, თბილისი) ხატვა 31 წლის ასაკში დაიწყო. ნახატები ძირითადად შესრულებულია ქაღალდზე, რამდენიმე ასეული ნამუშევარი გუაშითა და აკვარელით აქვს შექმნილი. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა პედაგოგიურ ინსტიტუტში განაგრძო. სხვადასხვა დროს მუშაობდა ეროვნულ ბიბლიოთეკაში, მართვის ინსტიტუტში, სკოლაში. სირბილაძე არის მხატვარი, რომელიც არასოდეს ყოფილა არც ერთი სახელოვნებო სკოლის ან ჯგუფის წევრი. იგი ასევე იშვიათად მოიხსენიება ადგილობრივი მხატვრული კონტექსტის ნარატივებში და დამოუკიდებლად აგრძელებს შემოქმედებით გზას. მისი რეპრეზენტაცია საჯარო სივრცეებში შემოიფარგლა რამდენიმე ადგილობრივი და რამდენიმე ჯგუფური გამოფენით საზღვარგარეთ.