მისამართი: ზანდუკელის ქ. N1, 0108, თბილისი,
სამუშაო დღეები: ყოველი დღე, გარდა - ორშაბათისა,
სამუშაო საათები 10-18 სთ;
მუზეუმმა, 1991 წელს, დაარსებისთანავე ბინა დაიდო ზანდუკელის ქუჩის N 1-ში, მემორიალურ სახლში, სადაც 1939 წელს დაიბადა და სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა საქართველოს ეროვნული გმირი მერაბ კოსტავა. სახლი ეკუთვნოდა მერაბის ბაბუას, გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეს, პედაგოგს, რუსული ენის მრავალი სახელმძღვანელოს ავტორს - ვლადიმერ დემურიას.
სახლის ეზოსთან არაერთი საინტერესო ისტორიაა დაკავშირებული. აქ 1924 წელს პირველი სახელმწიფო-საზოგადოებრივი დაწესებულება „მთიელთა საბავშვო სახლი“ დაარსდა. მოგვიანებით კი პედაგოგიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი და იაკობ გოგებაშვილის სახელობის ბიბლიოთეკა. ეზო თბილისის ერთ-ერთ მნიშვნელოვან
საგანმანათლებლო ცენტრად იქცა, სადაც მუშაობდნენ ცნობილი ქართველი ფილოსოფოსები, ფილოლოგები, ფსიქოლოგები, ისტორიკოსები, პედაგოგები და სხვა. მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში ეზო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთგვარ ეპიცენტრად იქცა და დღემდე „მერაბის ეზოდ“ მოიხსენებენ. საქართველოს ეროვნული გმირის - მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმი 1991 წელს საქართველოს პირველი პრეზიდენტის - ზვიად გამსახურდიას ინიციატივითა და თაოსნობით დაარსდა. სახლ-მუზეუმს გახსნის დღიდან სიცოცხლის ბოლომდე (2003 წლამდე) ხელმძღვანელობდა მერაბ კოსტავას დედა - ოლღა დემურია-კოსტავა, რომელმაც საკუთარი ბინის ნაწილი - ორი ოთახი სახელმწიფოს მემორიალური სახლ მუზეუმის გახნის მიზნით გადასცა.
კოლექციები: მერაბ კოსტავას მემორიალურ სახლ-მუზეუმში დაცულია მერაბ კოსტავას პირადი ნივთები, მემორიალური ავეჯი, მისი ბიბლიოთეკა, ხელნაწერები, ნოტებისა და გრამფირფიტების კოლექცია, მე–20 საუკუნის II ნახევრის ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის ფოტო და დოკუმენტური მასალა, პირადი წერილები და მისი თაოსნობით გამოცემული არალეგალური ჟურნალ–გაზეთები და სხვა.
„ახალგაზრდული ბარათის“ მფლობელთათვის, შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით, ყველა მუზეუმში შესასვლელ ბილეთებზე მოქმედებს ფასდაკლება 20%-ის ოდენობით. ბარათის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ადგილზე.
შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით მუზეუმში შესვლა უფასოა:
➢ ICOM-ის წევრებისთვის;
➢ პენსიონერთათვის;
➢ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის;
➢ 6 წლამდე ბავშვებისთვის;
➢ სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებული პირებისთვის;
➢ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანებისათვის და მათთან გათანაბრებული პირებისათვის.