📜 მიმოდრამა „მიდია“ შექმნილია ანტიკური ისტორიოგრაფიისა და მითოლოგიის, ასევე ადგილობრივი ეთნო-ფოლკლორული ნარატივების საფუძველზე. სპექტაკლში ერთმანეთთან შერწყმულია მიმოდრამა, ანიმაცია, თანამედროვე ტექნოლოგიები და პრეისტორიული მოტივები.
⛵ მოქმედება იწყება იასონის მოგზაურობით არგოთი, რა დროსაც მისი შვილების დედა ჰიფსიფილე იასონსა და მიდიას წყევლის, თუმცა ქურუმი სიბილა მას აფრთხილებს, რომ ბედისწერის შეცვლა შეუძლებელია. ამ დროს მიდია კირკეას ბაღში მისტიკურ და სამკურნალო რიტუალებს ატარებს.
🏛️ კოლხეთში არგონავტები ჩადიან. აეტი, მათი განზრახვის ამოცნობის შემდეგ, მიდიას უცხოელთა დახოცვას უბრძანებს. თუმცა მიდიას დის ხმა შეაჩერებს და იგი მამის ბრძანებას არ ასრულებს. მიდია ირჩევს ადამიანთა შეწყალებას, სიყვარულსა და ჰუმანიზმს.
❤️ მიდიასა და იასონს შორის სიყვარული იბადება. იგი ტოვებს კოლხეთს და იასონთან ერთად იწყებს რთულ მოგზაურობას. კვდება აფსასტი და დაეცემა აია. მათ გზას თან სდევს ხიფათი და ტრაგიზმი.
⚔️ მიდიას დახმარებით იასონი ტახტს იბრუნებს და მიწიერ განცხრომას ეძლევა. მიდია იმედგაცრუებულია და იწყება პერიპეტიები — ბრძოლა, ღალატი, შურისძიება, მკვლელობები, სამეფოთა დამხობა და სხვა.
🔥 მრავალი განსაცდელისა და ტკივილის შემდეგ მიდია იწყებს შინაგან განწმენდასა და გარდაქმნას. მისი ცხოვრების გზა იქცევა ბრძოლად ბედისწერასთან, სიყვარულთან, დანაშაულთან და საკუთარ თავთან.
⚖️ ეპილოგში მიდიას ცხოვრება საბოლოო სამსჯავროს წინაშე დგება. სასამართლო განიხილავს მის არჩევანსა და ქმედებებს და საბოლოოდ მას სამყარო, მათ შორის უზენაესიც, ამართლებს.
❤️ სპექტაკლის მთავარი სათქმელია, რომ ტკივილი შეიძლება ახალი მეტამორფოზის დასაწყისი გახდეს, ხოლო ადამიანის გადარჩენისა და განწმენდის უმთავრესი ძალა სიყვარულია.