გალერეაში „ვანდა“ გაიხსნა ნინი ჯალიაშვილის პერსონალური გამოფენა „ცრუ მეხსიერების სინდრომი“.
გამოფენაზე დასწრება 2 კვირის მანძილზე იქნება შესაძლებელი.
ახალგაზრდა მხატვრის შემოქმედება გამოირჩევა სიღრმით, ექსპრესიულობით, დინამიკითა და ვიზუალური სიმდიდრით. გამოფენა წარმოადგენს ავტორის შემოქმედებითი განვითარების მნიშვნელოვან ეტაპს და საინტერესო სანახაობას სთავაზობს როგორც პროფესიონალებს, ასევე ფართო აუდიტორიას.
ექსპოზიციაში წარმოდგენილი იქნება მის მიერ ბოლო პერიოდში შექმნილი ნამუშევრები, რომლებშიც ნათლად ვლინდება ავტორის ინდივიდუალური ხელწერა და თანამედროვე ესთეტიკისადმი თავისუფალი მიდგომა.
***
ცრუ მეხსიერება მხატვრის მიერ გააზრებულია როგორც სახე-ხატებისა და სიუჟეტების შიდა დინების გამოვლენა, ზედაპირზე ამოსვლა. მეხსიერების სათავე მიუწვდომელია, ის იბადება გაურკვეველი ადგილიდან და ცდილობს გასაგნებას, თვითგამოვლენას, მატერიალიზაციას.
მხატვარი არ მუშაობს პირად მოგონებებზე. მისი ინტერესის საგანია განცდა და ინფორმაცია, რომელიც მოდის კოლექტიური მეხსიერებიდან. მათ აქვთ შინაგანი ბმა უკვე ღრმად ჩანერგილთან, ისეთთან, რასაც არ ჰყავს კონკრეტული ავტორი და არ აქვს ზუსტი დასაწყისი. სწორედ ეს საწყისი მდგომარეობა არის ავტორისთვის ჭეშმარიტი – გაუზიარებელი, ხელშეუხებელი და გაუცნობიერებელი ფსკერი, რომელიც წინ უსწრებს ნებისმიერ გააზრებასა და მატერიალიზაციას. აზრის ტრანსფორმაციას აქ ყოველთვის ფორმა მოსდევს. თუმცა ფორმა ვერასდროს დაემთხვევა საკუთარ პირველწყაროს. ამ პროცესში მეხსიერება თითქოს საკუთარ თავს ატყუებს, არა განზრახ, არამედ გარდაუვლად. სწორედ ამ შეუთავსებლობაში – პირველწყაროსა და მის გამოხატულებას შორის – იბადება „ცრუ”.
სიცრუე არ არის არც დადებითი და არც უარყოფითი მდგომარეობა. ის არის აუცილებელი ველი, რომლის გარეშეც მეხსიერება ვერ გახდებოდა ხილული. ამ გაგებით, ცრუ მეხსიერება წარმოადგენს არა დეფექტს ან დიაგნოზს, არამედ იმ ერთადერთ შესაძლო გზას, რომლითაც ჭეშმარიტი, ხელშეუხებელი პირველწყარო შეიძლება წარმოჩნდეს ფორმის სახით.
სიუჟეტები და ფორმები, რომლებსაც მხატვარი უტრიალებს, წარმოსახვის ფორმებია. სურათზე გამოსახულება ხშირად პირდაპირი, უხეში და შეგნებულად არაეთიკური მანერით ჩნდება, თუმცა ამ ფარულ და დაუმუშავებელ სტრუქტურაში იკითხება სწორედ ის მეხსიერება, რომლის ამოცნობაც და გააზრებაც ავტორის მთავარი ამოცანაა. ეს არის მცდელობა არა მეხსიერების აღდგენისა, არამედ იმ ბმების გამოკვლევისა, რომლებიც ქმნიან განცდას, ფორმას და მათ შორის არსებულ დაძაბულ სივრცეს.
