გალაკტიონ ტაბიძის მეორე კრებულში ("Crâne Aux Fleurs Artistiques" /„თავის ქალა არტისტული ყვავილებით“) შესული ლექსის - „პირიმზეს“ ირგვლივ აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიის სტუდენტები, ახალგაზრდა ხელოვანები გაერთიანდნენ და სახვითი ხელოვნების სხვადასხვა დარგში შესრულებულ ვიზუალურ ვარიაციებს წარმოადგენენ.
დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება პოეტის შემოქმედებისა და სამუზეუმო სივრცეში არსებული ექსპონატების საკუთარი ვიზუალური ინტერპრეტაციები შექმნას.
გალაკტიონ ტაბიძის (1891-1959 წწ.) მემორიალური მუზეუმი განთავსებულია სახლში, სადაც პოეტმა სიცოცხლის უკანასკნელი წლები გაატარა (1935-1959 წწ.). მწერლის სამუშაო ოთახი და საცხოვრებელი გარემო თითქმის უცვლელადაა აღდგენილი. გალაკტიონ ტაბიძის მემორიალურ სახლ-მუზეუმში სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოების შედეგად მუზეუმში სრულად არის დაცული, როგორც სახლ-მუზეუმის მემორიალური თავისებურება, ისე სამუზეუმო საჭიროებები – მუზეუმის საგამოფენო სივრცეები თანამედროვე მუზეოგრაფიის შესაბამისადაა მომზადებული, საგამოფენო ინსტალაციები გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრებასა და ბიოგრაფიას ქრონოლოგიურად ჰყვება. მემორიალური ნივთების გარდა, მუზეუმში დაცულია ფოტომასალა, ხელნაწერები და სხვა დოკუმენტები, რომლებიც გალაკტიონის ცხოვრების ერთგვარ მატიანეს წარმოადგენს.