გალაკტიონ ტაბიძის (1891-1959 წწ.) მემორიალური მუზეუმი განთავსებულია სახლში, სადაც პოეტმა სიცოცხლის უკანასკნელი წლები გაატარა (1935-1959 წწ.). მწერლის სამუშაო ოთახი და საცხოვრებელი გარემო თითქმის უცვლელადაა აღდგენილი. გალაკტიონ ტაბიძის მემორიალურ სახლ-მუზეუმში სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოების შედეგად მუზეუმში სრულად არის დაცული, როგორც სახლ-მუზეუმის მემორიალური თავისებურება, ისე სამუზეუმო საჭიროებები – მუზეუმის საგამოფენო სივრცეები თანამედროვე მუზეოგრაფიის შესაბამისადაა მომზადებული, საგამოფენო ინსტალაციები გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრებასა და ბიოგრაფიას ქრონოლოგიურად ჰყვება. მემორიალური ნივთების გარდა, მუზეუმში დაცულია ფოტომასალა, ხელნაწერები და სხვა დოკუმენტები, რომლებიც გალაკტიონის ცხოვრების ერთგვარ მატიანეს წარმოადგენს.