ნუღარ გამოხვალ ოთახიდან! ეს ნაგავი ხომ გაკმაყოფილებს?! მით უფრო მაშინ, როცა ჩვენს იქით არც ევროპაა, არც აზია - მხოლოდ უიმედობაა, რადგან ნეოფეოდალი კაპიტალისტი ახალგაზრდებს ამონებს, რადგან ერთადერთი გზა თვითდასაქმებაა, ისიც ქვეყნის გარეთ; რადგან ხელფასი ოც ლარზე მეტი აღარ იქნება, რადგან შიმშილი რეალობაა, განათლება - პრივილეგია, ხოლო თვითგამოხატვა -„პროპაგანდა“. არტისტები კულტურული კი არა, პურის შიმშილით კვდებიან.
ჰოდა შენც,
ნუღარ გამოხვალ ოთახიდან,
სანამ
არ
იმოქმედებ!
სპექტაკლი დაფუძნებულია რეალურ ამბებზე, ინტერაქციულია, პროვოკაციული და ირონიული; გვიყვება ხუთი სხვადასხვა პროფესიის, წარსულის, გამოცდილების მქონე ადამიანის ტრაგიკულ ამბავს და მიმოიხილავს საქართველოს სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ მდგომარეობას ახალგაზრდების პერსპექტივიდან. სპექტაკლი გვაჩვენებს ინდივიდუალურ სიგიჟეს და კოლექტიურ გაბედულებას და ცდილობს გამოარკვიოს თუ რა დარჩა დამოუკიდებლობის იდეალებიდან დღეს და რა ქმნის იმ ადამიანურ წინააღმდეგობას, რომელიც, მიუხედავად ყველაფრისა, კვლავ მოქმედებაში გვამყოფებს და ოთახებიდან გამოვყავართ.