დავით კლდიაშვილის „ბაკულას ღორები“ ერთი შეხედვით ყოფითი კომედიაა, თუმცა მისი იუმორის მიღმა ადამიანის ბუნების მტკივნეული სურათი იკვეთება. პიესა გვაჩვენებს, როგორ შეუძლია შიშსა და სიღარიბეს, ძალაუფლების წინაშე უძლურების განცდის გაღვივება. სწორედ ამიტომ ეს ნაწარმოები სამწუხაროდ დღესაც აქტუალურია - იგი არა მხოლოდ კონკრეტულ ეპოქაზე, არამედ მუდმივ საფრთხეზე გვესაუბრება, იმ საფრთხეზე როდესაც ადამიანი თავისუფლებას მორჩილებაზე ცვლის.საფრთხეების გადააზრება კი ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა.
“ბაკულას ღორები“-ს ამ ინტერპრეტაციის მიხედვით დადგმული სპექტაკლი მოგვითხრობს ჩაგვრისა და მორჩილების იმ წრეზე, რომელშიც ადამიანი ჯერ კარგავს ღირსებას, შემდეგ ხმას და წინააღმდეგობის უნარს.
კლდიაშვილის იუმორისა და სატირის მიღმა სპექტაკლი სვამს კითხვას: რა მომენტში წყვეტს ადამიანი წინააღმდეგობას და როდის იწყებს საკუთარი დამონების გამართლებას.