A24-ის ახალი გახმაურებული ჰორორი — კიდევ ერთი ახალგაზრდა იუთუბერის, კეინ პარსონსის ფილმი, რომელიც ცარიელი ოთახების უსასრულო ლაბირინთის შესახებ ცნობილ კრიპიპასტას ეფუძნება.
როდესაც უიღბლო ავეჯის გამყიდველი კლარკი თავისი მაღაზიის სარდაფში სხვა განზომილებაში გამავალ საიდუმლო პორტალს აღმოაჩენს, ის უსასრულო, მიხვეულ-მოხვეული ყვითელი დერეფნების ლაბირინთში აღმოჩნდება.
ორიგინალური მემი, რომელიც ფორუმზე ანონიმურმა მომხმარებელმა გაავრცელა და რომელმაც ეს ფილმი (და არა მხოლოდ ის) შთააგონა, ასე ჟღერდა:
„თუ გაუფრთხილებლობით არასწორ ადგილას აღმოჩნდებით, შესაძლოა რეალობიდან „კულისებში“ (The Backrooms) გადავარდეთ — სივრცეში, სადაც არაფერია, გარდა ნესტიანი ხალიჩის მძიმე სუნისა, გაუთავებლად მოზუზუნე ფლუორესცენტური ნათურებისა და დაახლოებით 600 მილიონი კვადრატული მილის ფართობზე ქაოსურად განლაგებული ცარიელი ოთახებისა, რომლებიც ერთ უზარმაზარ ხაფანგად ერთიანდება.
ღმერთმა დაგიფაროთ, თუ გაიგონებთ, რომ რაღაც ახლოს დაეხეტება. დიდი ალბათობით, მან უკვე იცის, რომ აქ ხართ.“