აღმოაჩინე ახალი, გამორჩეული სივრცე, რომელიც ქართულ თანამედროვე ხელოვნებას ეძღვნება
“ხელოვნების ფონდი ანაგი” 2025 წლის სექტემბერში, კორპორატიული სახელოვნებო ფონდების საერთაშორისო ანალოგით შეიქმნა და ქართული ბიზნესისა და შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებს აერთიანებს.
ფონდის შენობაში რამდენიმე საგამოფენო სივრცე დაგხვდებათ, სადაც სხვადასხვა პერიოდის, ხედვისა და პრაქტიკის ქართული თანამედროვე ხელოვნებაა წარმოდგენილი.
AFA საკურატორო დარბაზი / AFA გალერეა
ლია ბაგრატიონი: “დედამიწა ქალია”
ფონდის ძირითადი სივრცე ეთმობა ლია ბაგრატიონის გამოფენას “დედამიწა ქალია”.
ხელოვანის ამ დრომდე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ექსპოზიცია ფონდის შენობის სამ სართულზეა განთავსებული: მთავარ საკურატორო დარბაზში, გალერეაში, ფოტოსივრცესა და ამფითეატრში.
“დედამიწა ქალია” ლია ბაგრატიონის შემოქმედების სხვადასხვა ეტაპს აერთიანებს. ხელოვანი ქალისა და არტისტის თვითძიების ღრმა და მრავალშრიან თხრობას გვთავაზობს, სადაც პირადი გამოცდილება, ზოგადსაკაცობრიო კულტურული მეხსიერება და არქეტიპული სახეები ერთ ვიზუალურ სივრცეში იყრის თავს.
ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრების, კერამიკული ობიექტების, ინსტალაციის, ტექსტილისა და ვიდეოარტის საშუალებით, ლია ბაგრატიონი სხვადასხვა ისტორიულ ეპოქასა და კულტურულ კონტექსტს პირადი პრიზმიდან წარმოგვიდგენს.
კურატორები: კონსტანტინე ბოლქვაძე, მარიამ შერგელაშვილი, ლია ბაგრატიონი
👤 ხელოვანის შესახებ
ლია ბაგრატიონი (დ. 1957) თანამედროვე ქართველი მულტიდისციპლინური ხელოვანია. ამჟამად არის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ასოცირებული პროფესორი. ლია ბაგრატიონის ნამუშევრები დაცულია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კოლექციებში.
AFA - სერგო ქობულაძის სახელოსნო
ფონდში იხილავთ გამოჩენილი ქართველი ხელოვანის - სერგო ქობულაძის სახელოსნოს კურატორულ რეკონსტრუქციას.
AFA ფოტო / AFA კინო
AFA-ს ფოტოდარბაზსა და ამფითეატრში რეგულარულად ეწყობა ქართველ და უცხოელ ხელოვანთა გამოფენები. სხვადასხვა პერიოდულობით, აქ იხილავთ ფერწერას, ინსტალაციებს, გრაფიკულ ნამუშევრებს, ფოტო- და მულტიმედიურ პროექტებს.
ექსპოზიცია მოიცავს როგორც ინდივიდუალურ, ისე კოლაბორაციულ ნამუშევრებს, რომლებიც თანამედროვე ქართული ხელოვნების მრავალფეროვან მიმართულებებს აერთიანებს.
Mappa Cartographica
სივრცეში წარმოდგენილია ისტორიული რუკებისა და იშვიათი ბიბლიოგრაფიული გამოცემების კერძო კოლექცია. ექსპონატები მოიცავს უნიკალურ ევროპულ კარტოგრაფიას, რომელზეც სხვადასხვა ისტორიული პერიოდის საქართველოა გამოსახული, ასევე ევროპელ მოგზაურთა ტექსტებსა და ვიზუალურ მატიანეს შუა საუკუნეების საქართველოს კულტურასა და ყოფა-ცხოვრებაზე.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ:
https://artfoundationanagi.com/
https://www.facebook.com/mappacartographica
ფონდის საგამოფენო სივრცე მუშაობს ყოველდღე, 10:00-დან 21:00-ის ჩათვლით (გარდა ორშაბათისა)
მისამართი: ზურაბ ავალიშვილის ქ. 12, პარკ ჰოუმ ვაკე. ტელ.: +995 32 229 09 29.