ARACNE პროექტის ვორქშოფების დასკვნითი ღონისძიება და აბრეშუმის მუზეუმის შემოქმედებითი სახელოსნოების პრეზენტაცია![]()
21 თებერვალს, 15:00–20:00 საათამდე, აბრეშუმის მუზეუმი გიწვევთ ჰორიზონტი ევროპის პროექტ ARACNE-ს ფარგლებში განხორციელებული ვორქშოფების დასკვნით საჯარო ღონისძიებაზე და მუზეუმში 2026 წელს დაგეგმილი შემოქმედებითი სახელოსნოების პრეზენტაციაზე.
ღონისძიება აერთიანებს საგანმანათლებლო, პრაქტიკულ და სადემონსტრაციო ფორმატებს და მიზნად ისახავს აბრეშუმთან დაკავშირებული ტრადიციული და თანამედროვე ტექნიკების წარმოჩენას, ხელოვანთა და ოსტატთა ცოდნის გაზიარებასა და მუზეუმის, როგორც ცოცხალი სამუშაო სივრცის გააქტიურებას.
დამთვალიერებლებს ექნებათ შესაძლებლობა გაეცნონ პროექტ ARACNE-ს ვორქშოფების შედეგებს, დაათვალიერონ შექმნილი ნამუშევრები, დაესწრონ მეაბრეშუმე ქალებისა და ოსტატების მიერ აბრეშუმთან დაკავშირებული ტექნიკების ცოცხალ დემონსტრაციებს, ასევე ჩაერთონ პრაქტიკულ ვორქშოფში.
ღონისძიების ფარგლებში, მთელი დღის განმავლობაში ღია იქნება ნაილი ვახანიასა და ნინი ჯინჭარაძის შემოქმედებითი სახელოსნო. სახელოსნო წარადგენს ნაილისა და ნინის ნამუშევრებს და დამსწრე აუდიტორიას 2026 წელს მარტი-სექტემბრის განმავლობაში ხელოვანებთან თანამშრომლობით დაგეგმილ თემატურ ვორქშოფებსა და ინიციატივებს გააცნობს.
პარალელურად, დღის მანძილზე ღია იქნება ექსპერიმენტული ბეჭდვის სერიგრაფიის სახელოსნო, რომლის ფარგლებში სახელოსნოს შემოქმედებითი ხელმძღვანელი ნანა ყირმელაშვილი თავის პრაქტიკებსა და მუზეუმთან თანამშრომლობით შემუშავებულ ინიციატივებს დაანონსებს.
*პროექტი ARACNE დაფინანსებულია ევროკავშირის ჰორიზონტი ევროპის კვლევისა და ინოვაციების პროგრამით No 101095188 საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში.
