ზუსტად რომ ვთქვათ, ჰერცოგის თითქმის ყველა ფილმი აკვიატების სხვადასხვა ფორმას იკვლევს, თავად რეჟისორი კი გადასაღებ მოედანზე ხშირად არანაკლებ თავზეხელაღებულად იქცევა, ვიდრე მისი გმირები ეკრანზე. რაც უფრო აბსურდული და მიუწვდომელია პერსონაჟის მიზანი, მით უკეთესი. ამ ფილმში ასეთ მიუწვდომელ მიზნად მითიური ოქროს ქალაქი — ელდორადო — გვევლინება, რომლის საპოვნელად კონკისტადორი აგირე მზადაა, საკუთარი და არა მხოლოდ საკუთარი სიცოცხლეც კი გაწიროს.
ეს ერთ-ერთი ჭეშმარიტად დიდი სათავგადასავლო საგაა არსებობის უკიდურეს ამაოებაზე. ვერნერ ჰერცოგი თავის არცთუ მხიარულ მოგზაურთა ჯგუფს დაბალ ღრუბლებში მიუძღვის და მათთან ერთად ეშვება ამაზონისკენ მიმავალ სასიკვდილოდ საშიშ, მიხვეულ-მოხვეულ მთის ბილიკებზე. ისინი პეიზაჟში ძლივს შესამჩნევ ლაქებად იქცევიან — მთლიანად შთანთქმულნი ბუნების ყოვლისმომცველი და უძლეველი დიდებულებით.