თქვენ, ალბათ, უკვე გსმენიათ, რომ გარდაიცვალა მსახიობი შელი დიუვალი. მთელი მსოფლიო მას სტენლი კუბრიკის „მბზინავიდან“ იცნობს, თუმცა ჩვენ ის სხვა როლით გვიყვარდა — რობერტ ოლტმენის დახვეწილ შედევრში, რომელსაც მთელი გულით გირჩევთ.
პინკი — გოგონა წარსულის გარეშე — ეწყობა სამუშაოდ უდაბნოში მდებარე კერძო პანსიონატში. გულწრფელი ინტერესით აკვირდება გარემოს და განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მილიზე — ცენტრის ხმაურიან და ექსცენტრულ თანამშრომელზე, რომელიც ცხოვრობს ილუზიებით სავსე სამყაროში, გატაცებულია მოდით, კულინარიული რეცეპტებით და მუდმივი ფლირტით ადგილობრივ მამაკაცებთან. მორცხვი და მოუხერხებელი პინკი მილის საკუთარ იდეალად აღიქვამს — როგორც „ყველაზე სრულყოფილ ადამიანს, რომელიც ოდესმე უნახავს“ — და ნელ-ნელა იწყებს მისი ინდივიდუალობის გადაღებას. მათ გვერდით კი, მოჩვენებასავით, ხან ჩნდება, ხან ქრება მესამე ქალი — უჩვეულო მხატვარი უილი, რომელიც მდუმარედ ახატავს ამოუცნობ ფრესკებს ცარიელ აუზის ფსკერზე.
ოლტმენმა ეს ფილმი სიზმარში ნახა, იმ დროს, როცა მისი ცოლი მძიმედ იყო ავად. რეჟისორმა ვერასოდეს შეძლო ბოლომდე გაეგო ამ სიზმრის მნიშვნელობა, მაგრამ მეორე დილით მაინც გადაწყვიტა — აუცილებლად უნდა გადაეღო.
ფილმმა წარმატებით იარა ფესტივალებზე, თუმცა შემდეგ 27 წლით დავიწყებას მიეცა — არ იყო არც ჩვენებები, არც რელიზები. საბედნიეროდ, ახლა უკვე შეგვიძლია მისი ნახვა — ეს ნამდვილი შედევრია.