1970-1980-იანი წლების ქართული დოკუმენტური კინო | 14 სექტემბრიდან 26 ოქტომბრამდე დოკას კინოკლუბი კინოთეატრ ამირანში ახალ პროგრამას წარმოგიდგენთ.
“ეს პროგრამა ფრაგმენტების შეგროვებას ჰგავს დიდი, საერთო მეხსიერების არქივიდან – 1970-1980-იანი წლებიდან. ეს ის პერიოდია, როცა დოკუმენტური კინო მითსა და რეალობას შორის დგას, თუმცა ეს წინააღმდეგობა მის საფუძველშივეა ჩადებული. სად არის რეალობა? სად არის ოფიციალური ხმა? სად არის ავტორის მზერა და პერსპექტივა?
საბჭოთა რეალობიდან დამოუკიდებელ ქვეყნად ტრანსფორმაციის გზაზე, ამ პროგრამაში შეხვდებით: შრომის ვიზუალიზაციას; პოეზიასა და პოლიტიკას, საავტორო ხმებს; გამოსახულებას, რომელიც ხანდახან კადრს მიღმა ხმაზე მეტს ყვება; ვიზუალურ და აკუსტიკურ ექსპერიმენტებს; ქალებს - მებრძოლებს, მშრომეებსს, დაღლილებსა და გაუტეხელებს; ყოფაზე დაკვირვების ხელოვნებას და ამ რეალობასთან დიალოგის მცდელობას, იქნება ეს შემოქმედებითი ენით თუ ზედმიწევნითი დოკუმენტირებით.
რაც მთავარია, შეხვდებით ადამიანების ცხოვრებას, ადგილების მეხსიერებას და უნიკალურ ფორმებს, 1967 წლიდან 1990 წლის ჩათვლით.” - პროგრამის კურატორისა და მკვლევარის, ლიკა გლურჯიძის სიტყვა.