იანოში მუშაობს ფოსტაში, გატაცებულია ასტრონომიით და ეხმარება საოჯახო საქმეებში თავის ბიძას — მუსიკათმცოდნეს, რომელიც დარწმუნებულია: მუსიკალური ჰარმონია, რომელიც XVII საუკუნეში კომპოზიტორ ანდრეას ვერკმაისტერის წყალობით ჩამოყალიბდა და დღემდე არსებობს, არასწორი და ყალბია. ხოლო თუ მუსიკაში არ არსებობს ნამდვილი ჰარმონია, მაშინ ის არც სამყაროში არსებობს, არც ცალკეული ადამიანის ყოფაში და არც პროვინციული უნგრული ქალაქის ცხოვრებაში. იანოში ხედავს, როგორ იკვრება ირგვლივ შიშის, სიძულვილისა და სიგიჟის ატმოსფერო, როგორ დგას ქალაქი დიდი და გარდაუვალი კატასტროფის ზღვარზე…
ინტერვიუდან რეჟისორთან:
— თავს პესიმისტად მიიჩნევთ?
— სულაც არა! ბედნიერი ვარ, როცა ვინმე მეუბნება: „თქვენი ფილმი სევდიანი და დეპრესიულია, მაგრამ სავსეა ისეთი ენერგიითა და ძალით, რომელმაც ბედნიერი გამხადა“. პესიმისტი რომ ვიყო, კინოს საერთოდ არ გადავიღებდი — წავიდოდი და მაშინვე მოვიკლავდი თავს, როგორც ნამდვილ პესიმისტს შეჰფერის. მე კი მჯერა, რომ ვინმე ჩემს ფილმს ოცი ან თუნდაც ორმოცდაათი წლის შემდეგაც ნახავს. თუ ეს ოპტიმიზმი არ არის, მაშინ რა არის? განსაკუთრებით მსოფლიოს დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით… თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ თვითმკვლელობას არ ვაპირებ, იძულებული ვარ ვაღიარო: არც ცხოვრებით ვარ კმაყოფილი, არც სამყაროთი და არც კინემატოგრაფით.
