გიფიქრიათ რამდენი ფერი არსებობს ბუნებაში?
ან რა ზეგავლენას ახდენენ ისინი ჩვენს ყოველდღიურობაზე?
შეუძლიათ კი ფერებს შეცვალონ ჩვენი გარემო, განწყობა, გარეგნობა…
ბუნებაში ყველაფერს თავისი ფერი აქვს, „ფერთა ატლასის“ მიხედვით სამყაროში 7 ათასი ფერია, რომელთაგან 4000 – ს სახელიც კი აქვს. მათგან ადამიანს მხოლოდ სამი ასეული ფერის გარჩევა თუ შეუძლია. პირველყოფილი მხატვარი კი მხოლოდ 4 ფერს იყენებდა…
იცოდით, რომ ხშირად ჩვენს მიერ არჩეული ფერი ჩვენსავე ხასიათს ააშკარავებს?
თბილისის მუზეუმების გაერთიანება – ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ სახლ – მუზეუმში გთავაზობთ შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამას „ჩვენ ყველა ფერს ვიყენებთ“.
პროგრამის ფარგლებში მონაწილეები მუზეუმის დათვალიერების შემდეგ იმოგზაურებენ ფერად სამყაროში, გაეცნობიან „ფერთა სიმბოლიკას“ და მასთან დაკავშირებულ საინტერესო ამბებს.პროგრამის დასასრულს მონაწილეები თავად გააფერადებენ „შავ-თეთრ გარემოს“ და შექმნიან ფერადი სამოსის ორიგინალურ დიზაინს.