,,ფრენკ ბაუმის ნაწარმოების „ოზის საოცარი ჯადოქარი“ მიხედვით, რეჟისორი იოსებ ბაკურაძე, ნაწარმოების ახალ - ორიგინალურ ვერსიას გვთავაზობს. ეს არის ამბავი გოგონაზე, რომელიც უცნაურ, ჯერ არნახულ ქვეყანაში აღმოჩნდება. დოროთი თავის ძაღლთან - ტოტოსთან ერთად, საფრთხობელას, თუნუქის კაცს და მხდალ ლომს უმეგობრდება. ისინი ოზის ჯადოქართან შეხვედრას გადაწყვეტენ.
სწორედ აქ აღმოვჩნდებით დაბრკოლებებითა და დაუჯერებლობით სავსე თავგადასავალში. სპექტაკლის იდეურ - თემატური ჩანაფიქრი ადამიანის მიზნებზე, თვითრწმენაზე, სიკეთესა და შესაძლებლობებზეა. სანახაობრივად დატვირთული სცენები შერეული ტიპისაა (ცოცხალი და თოჯინური პლანი), სწორედ, ეს ანიჭებს სპექტაკლს განსაკუთრებულობას. თოჯინის პარალელურად, იმავე პერსონაჟს ცოცხალი მსახიობი განასახიერებს. რეჟისორის კონცეფცია, ორიგინალური მელოდიები და სპექტაკლის მხატვრული გაფორმება ქმნის საერთო, ჯადოსნურ ატმოსფეროს. სამოცი წუთის მანძილზე მსახიობები და თოჯინები, პატარა მაყურებელს ზურმუხტქალაქის დაუვიწყარ სამყაროში ამოგზაურებს.’’
2016 წლის 14 იანვრიდან ბათუმის თოჯინებისა და მოზარდთა თეატრის შემოქმედებითი პროცესი განახლებულ შენობაში გრძელდება. ისტორიულ შენობას თავისი ერთსართულიანი და საზაფხულო ფართით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.