გროტესკული ტრაგიფარსი ერთ პატარა სოფელზე (რა სოფელი, სულ ერთი ქუჩაა), რომელიც სავსეა უცნაური და ფერადოვანი პერსონაჟებით: სექსზე შეპყრობილი მეზობელი, მისი რელიგიაზე შეშლილი ცოლი, შვილი, რომელიც თავს შავკანიან ლუმუმბად მიიჩნევს, და კიდევ რამდენიმე გამორჩეული ადამიანი. და ფოსტალიონი (თვითონ ფონ ვარმერდამი), რომელიც ყველას საიდუმლოს იცის — იმიტომ, რომ წერილებს კითხულობს.
ტყის არაბუნებრივი გეომეტრიულობა, სადაც ხეები პარალელურ მწკრივებად იზრდება, და მთავარი ქუჩის იდეალური სისუფთავე კიდევ უფრო უსვამს ხაზს იმ აუტისტურ-შიზოფრენიულ უცნაურობას, რომელიც ამ ჩაკეტილ სივრცეში მცხოვრებ ყველა გმირს ახასიათებს. და რადგან ყველაფერი თვალსაჩინოა, პირადი ცხოვრების არც ერთი პრობლემა ვერ რჩება უცხო თვალისგან დამალული.