THE LONELY VOICE: Marais, Mémoire, Lament
ერთი ჩელო. ოთხი საუკუნის მონატრება.
კონცერტის პროგრამის ცენტრშია მარენ მარაი - გამორჩეული ფრანგი კომპოზიტორი და ვიოლის დამკვრელი, რომლის მუსიკაც დღეს იშვიათად სრულდება. ღრმა ემოციით გამსჭვალული მისი ნაწარმოებები გვამოგზაურებს სამყაროში, სადაც ბაროკოს ეპოქის მუსიკა სიმღერებს, არიებსა და ინსტრუმენტულ ნაწარმოებებს ერწყმის - ნაწარმოებებს, რომლებიც იმავე განცდებს სრულიად განსხვავებული გზებით იკვლევენ.
მარაიდან, ჯონ დოულენდიდან და იოჰან სებასტიან ბახიდან ჟან სიბელიუსამდე, პაულ ჰინდემიტსა და ფილიპ გლასამდე, პროგრამა ოთხი საუკუნის მუსიკალურ მოგზაურობას მიჰყვება და გვიჩვენებს, როგორ აძლევდნენ სხვადასხვა ეპოქის კომპოზიტორები ხმას მონატრებას, მარტოობასა და ადამიანური გამოცდილების მყიფე სილამაზეს.
ზოგი ნაწარმოები მაშინვე ნაცნობად მოგეჩვენებათ. სხვები შესაძლოა თითქმის უცხოდაც კი აღიქვათ. თუმცა მათ საფუძვლად ერთი და იგივე უძველესი მუსიკალური მოტივი უდევს: სევდის, ტკივილისა და მონატრების განცდა, რომელიც მუსიკაში კვლავ რჩება.
ეს კონცერტი არ არის სევდაზე, ეს არის იმაზე, თუ როგორ იმახსოვრებს მუსიკა.
ერთი ჩელო. დაკარგული ხმა. მოგონება, რომელიც რჩება.
_____________________________________________________________________
კონცერტი გაიმართება გაბრიაძის თეატრის ფოიეში, კულტურულ სივრცეში Gabriadze Wonders Station, რომელიც თეატრის მხატვრული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და გაზიარებას ემსახურება, მემორიალური ნივთებითა და თეატრალური ისტორიებით სავსე ატმოსფეროში.
გაბრიაძის თეატრი მდებარეობს ისტორიული ძველი თბილისის გულში,
მისამართზე შავთელის ქუჩა # 12+1.
1981 წელს რეზო გაბრიაძის მიერ დაარსებული მარიონეტების თეატრი სულ 80 მაყურებელზეა გათვლილი, მაგრამ მიუხედავად თავისი მცირე ზომებისა გაბრიაძის თეატრი მსოფლიოში სახელგანთქმულ კულტურულ დაწესებულებათა რიცხვშია.
ეს უნიკალური საავტორო თეატრია, რომელიც ერთი ადამიანის შემოქმედებითი ენერგიით შეიქმნა. რეზო გაბრიაძე თავად წერდა პიესებს, ქმნიდა თოჯინებს და მათ თავისი თეატრის სცენაზე აცოცხლებდა. სწორედ თეატრმა გააერთიანა გაბრიაძის მრავალმხრივი შემოქმედება ერთ სივრცეში. როგორც ფრანგული "Le Figaro" აღნიშნავდა: "რეზო გაბრიაძის თეატრი არტისტისა და პოეტის სულის ანარეკლია. ის თავად წარმოადგენს თეატრს, მთელ თავის მრავალფეროვნებაში: დრამატურგი, პროდიუსერი, მუსიკოსი, დიზაინერი. ამ შემოქმედებითი მუშაობის შედეგი შესანიშნავია. მისი ნიჭი მრავალფეროვანია… "
არსებობის განმავლობაში გაბრიაძის თეატრმა მრავალი ქვეყანა მოიარა და ბევრ საერთაშორისო ფესტივალში მიიღო მონაწილეობა, მათ შორისაა ნიუ იორკი, ავინიონი, ედინბურგი, სპოლეტო, ლონდონი, ჩარლსტონი და სხვ.
გაბრიაძის გმირების იუმორი, დარდი თუ სიხარული მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში გასაგებია, რადგან მისი ხელოვნების ენა უნივერსალურია.
რეზო გაბრიაძე 2021 წელს გარდაიცვალა, მაგრამ “საქართველოს ეროვნული განძი”, როგორც მას ხშირად იხსენებენ უცხოურ პრესაში, აგრძელებს შემოქმედებით ცხოვრებას, მისი ხელოვნება კი, იზიდავს მაყურებელს მთელი მსოფლიოდან.
თეატრის ამჟამინდელი სამხატვრო ხელმძღვანელი და პროდიუსერია რეჟისორი ლეო გაბრიაძე. ის არის რეზო გაბრიაძის მიერ შექმნილი პოეტური სამყაროს მთავარი მცველი და მამის საქმის გამგრძელებელი.
რეზო გაბრიაძის მიერ შექმნილი განსაკუთრებული ჯადოსნური გარემო სცენის მიღმაც გრძელდება. უნიკალურია თავად თეატრის შენობაც, რომლის ფასადზე ოქროს ასოებით წერია რეზო გაბრიაძის დევიზი „Extra Cepam Nihil Cogito Nos Lacrimare“, რაც ნიშნავს „დაე, ცრემლები მხოლოდ ხახვის ჭრისაგან გვდიოდეს“.
გაბრიაძის თეატრის პროგრამაში ამჟამად წარმოდგნილია ოთხი სპექტაკლი: “ალფრედი და ვიოლეტა”, “მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტი”, “ჩემი გაზაფხულის შემოდგომა”, და “რამონა”.
"ის ნადმვილად უდიდესი გამომგონებელია. მხატვრული სახეების მისეული სისტემა უაღრესად პირადი, ინტიმური ხასიათის მატარებელია და თეატრში პოეტური, ტრანსცენდენტური რეალიზმი შემოაქვს. მე არ ვიცნობ სხვა მსგავს სისტემას. თეატრის სხვადასხვა სფეროში მიღებულმა უზარმაზარმა გამოცდილებამ მას მისცა საშუალება მიეღწია დამდგმელი რეჟისორის ისეთი იდეალისთვის, როგორიც იყო გორდონ კრეგი. მისი ხელოვნება თავისი მხატვრული ძალითა და პოზიტიური ადამიანური ხედვით ამდიდრებს ევროპულ თეატრს , თან ისეთ დრო, როდესაც მას ეს ყველაზე მეტად ჭირდება."
პიტერ ბრუკი