ფილმი ქრისტიანობის ერთ-ერთ ყველაზე რთულ საკითხს — იესოს ორმაგ ბუნებას, მის ღვთაებრივ და ადამიანურ საწყისებს — ეხება. უბრალო მოკვდავის ცხოვრებით ცხოვრების ცდუნება უილემ დეფოს პერსონაჟს შინაგანად ანადგურებს.
ფილმს საფუძვლად არა სახარება, არამედ ქრისტიანობის ისტორიის დასაბამიდან არსებული დავის მხატვრული გააზრება უდევს — დავისა ქრისტეს ბუნების შესახებ. სიუჟეტის დიდი ნაწილი ავტორთა ფანტაზიის ნაყოფია და სახარებისეულ ტექსტებს მხოლოდ ცალკეული მინიშნებებითა და მცირე დეტალებით ეყრდნობა.
ალბათ, იესო ქრისტეს შესახებ გადაღებულ არცერთ ფილმს არ გამოუწვევია ასეთი მწვავე დაპირისპირება. კინოგაქირავებას საპროტესტო აქციები ახლდა. ქრისტიანმა მოღვაწემ ბილ ბრაიტმა თანხის შეგროვებაც კი დაიწყო, რათა ფილმის ნეგატივი გამოესყიდა და გაენადგურებინა. რეჟისორმა ფრანკო ძეფირელიმ კი ვენეციის კინოფესტივალიდან საკუთარი ფილმი მოხსნა, როდესაც გაიგო, რომ ის სკორსეზეს „ერეტიკული“ ფილმის გვერდით უნდა ეჩვენებინათ.
აღსანიშნავია, რომ მარტინ სკორსეზე ღრმად მორწმუნე კათოლიკეა და ახალგაზრდობაში სასულიერო პირად გახდომასაც კი გეგმავდა. ამ ფილმის იდეაზე ის 15 წლის განმავლობაში მუშაობდა.
პირველი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა: დაწყებული გადაღებები ქრისტიანული ორგანიზაციების მასობრივი პროტესტის გამო შეწყდა. კინოინდუსტრიით იმედგაცრუებული სკორსეზე მაშინ მხატვრული კინოსთვის თავის დანებებასაც კი განიხილავდა. მეორე მცდელობა კი მხოლოდ კინოკომპანიის მხარდაჭერის წყალობით განხორციელდა.