SOLO, Visa-სა და გაბრიაძის თეატრის პარტნიორობის ფარგლებში, წარმოგიდგენთ „შერეკილების“ პრემიერას — სპექტაკლს, რომელიც პირველად იდგმება გაბრიაძის თეატრის სცენაზე.
სპექტაკლი შეიქმნა რეზო გაბრიაძის მოთხრობის, პიესის და მრავალრიცხოვანი ესკიზების საფუძველზე. „შერეკილებს“ სცენიური სიცოცხლე რეჟისორმა ლეო გაბრიაძემ მიანიჭა. ახალი დადგმა რეზო გაბრიაძის ლიტერატურული ენის სილამაზესა და სისხარტეს, მისსავე შექმნილ ვიზუალურ სამყაროსთან აერთიანებს.
ისტორია პირველ სიყვარულზე, ვალებსა და თერმოდინამიკის კანონზე.
ზღაპრის ფაბულაზე დაყრდნობით „შერეკილები“ აბსურდის, სატირის, მაგიური რეალიზმისა და პოეტური დრამის ელემენტებს აერთიანებს.
ეს არის ამბავი ერთაოზზე, გულუბრყვილო სოფლელ ბიჭზე, რომელიც მამის ვალების გასასტუმრებლად დიდ სამყაროში მიდის ბედის საძიებლად.
მას მრავალი განსაცდელის გადალახვა უწევს. ხვდება ციხეში, სადაც უიღბლო სიყვარულის გამო დატყვევებულ მოხუც მეცნიერს გაიცნობს და სრულიად მოულოდნელად აკადემიურ განათლებასაც მიიღებს. ის და მოხუცი მეცნიერი, ერთად ჩაიფიქრებენ მსოფლიოში პირველი ცათმფრენი აპარატის აშენებას, რომელიც ყოფიერებაზე ამაღლებასა და თავისუფლების მოპოვებაში დაეხმარებათ.
"შერეკილები" გაბრიაძისეული სამყაროს კვინტესენციაა: პოეტური, ირონიული, ღრმად ადამიანური - და ამ ყველაფრის მიღმა - იშვიათი ლირიზმით გამსჭვალული.
ხანგრძლივობა: 90 წუთი
გაბრიაძის თეატრის სეზონის მხარდამჭერი - SOLO | Visa
ასაკობრივი შეზღუდვა: 12 წლამდე ბავშვები არ დაიშვებიან.
პუნქტუალურობა: დაგვიანებული მაყურებელი არ დაიშვება სპექტაკლზე. დაგვიანების გამო წარმოქმნილი ხმაური ხელს შეუშლის როგორც მსახიობებს სცენაზე, ისე მაყურებელს დარბაზში და დაარღვევს ჩვენი ინტიმური თეატრის ჯადოსნურ ატმოსფეროს.
გაბრიაძის თეატრი მდებარეობს ისტორიული ძველი თბილისის გულში,
მისამართზე შავთელის ქუჩა # 12+1.
1981 წელს რეზო გაბრიაძის მიერ დაარსებული მარიონეტების თეატრი სულ 80 მაყურებელზეა გათვლილი, მაგრამ მიუხედავად თავისი მცირე ზომებისა გაბრიაძის თეატრი მსოფლიოში სახელგანთქმულ კულტურულ დაწესებულებათა რიცხვშია.
ეს უნიკალური საავტორო თეატრია, რომელიც ერთი ადამიანის შემოქმედებითი ენერგიით შეიქმნა. რეზო გაბრიაძე თავად წერდა პიესებს, ქმნიდა თოჯინებს და მათ თავისი თეატრის სცენაზე აცოცხლებდა. სწორედ თეატრმა გააერთიანა გაბრიაძის მრავალმხრივი შემოქმედება ერთ სივრცეში. როგორც ფრანგული "Le Figaro" აღნიშნავდა: "რეზო გაბრიაძის თეატრი არტისტისა და პოეტის სულის ანარეკლია. ის თავად წარმოადგენს თეატრს, მთელ თავის მრავალფეროვნებაში: დრამატურგი, პროდიუსერი, მუსიკოსი, დიზაინერი. ამ შემოქმედებითი მუშაობის შედეგი შესანიშნავია. მისი ნიჭი მრავალფეროვანია… "
არსებობის განმავლობაში გაბრიაძის თეატრმა მრავალი ქვეყანა მოიარა და ბევრ საერთაშორისო ფესტივალში მიიღო მონაწილეობა, მათ შორისაა ნიუ იორკი, ავინიონი, ედინბურგი, სპოლეტო, ლონდონი, ჩარლსტონი და სხვ.
გაბრიაძის გმირების იუმორი, დარდი თუ სიხარული მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში გასაგებია, რადგან მისი ხელოვნების ენა უნივერსალურია.
რეზო გაბრიაძე 2021 წელს გარდაიცვალა, მაგრამ “საქართველოს ეროვნული განძი”, როგორც მას ხშირად იხსენებენ უცხოურ პრესაში, აგრძელებს შემოქმედებით ცხოვრებას, მისი ხელოვნება კი, იზიდავს მაყურებელს მთელი მსოფლიოდან.
თეატრის ამჟამინდელი სამხატვრო ხელმძღვანელი და პროდიუსერია რეჟისორი ლეო გაბრიაძე. ის არის რეზო გაბრიაძის მიერ შექმნილი პოეტური სამყაროს მთავარი მცველი და მამის საქმის გამგრძელებელი.
რეზო გაბრიაძის მიერ შექმნილი განსაკუთრებული ჯადოსნური გარემო სცენის მიღმაც გრძელდება. უნიკალურია თავად თეატრის შენობაც, რომლის ფასადზე ოქროს ასოებით წერია რეზო გაბრიაძის დევიზი „Extra Cepam Nihil Cogito Nos Lacrimare“, რაც ნიშნავს „დაე, ცრემლები მხოლოდ ხახვის ჭრისაგან გვდიოდეს“.
გაბრიაძის თეატრის პროგრამაში ამჟამად წარმოდგნილია ოთხი სპექტაკლი: “ალფრედი და ვიოლეტა”, “მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტი”, “ჩემი გაზაფხულის შემოდგომა”, და “რამონა”.
"ის ნადმვილად უდიდესი გამომგონებელია. მხატვრული სახეების მისეული სისტემა უაღრესად პირადი, ინტიმური ხასიათის მატარებელია და თეატრში პოეტური, ტრანსცენდენტური რეალიზმი შემოაქვს. მე არ ვიცნობ სხვა მსგავს სისტემას. თეატრის სხვადასხვა სფეროში მიღებულმა უზარმაზარმა გამოცდილებამ მას მისცა საშუალება მიეღწია დამდგმელი რეჟისორის ისეთი იდეალისთვის, როგორიც იყო გორდონ კრეგი. მისი ხელოვნება თავისი მხატვრული ძალითა და პოზიტიური ადამიანური ხედვით ამდიდრებს ევროპულ თეატრს , თან ისეთ დრო, როდესაც მას ეს ყველაზე მეტად ჭირდება."
პიტერ ბრუკი