ფილმი, რომელიც გამორჩეულად გამოიყურება თანამედროვე ჰოლივუდური ნამუშევრების ფონზე და თამამად სვამს რთულ, მწვავე და ხშირად არასასიამოვნო კითხვებს თანამედროვე საზოგადოების ტოლერანტობის საზღვრების შესახებ.
ახლადდანიშნული წყვილი — ჩარლი და ემა (Robert Pattinson და Zendaya) — ემზადებიან მაქსიმალურად ტრადიციული ქორწილისთვის: სტუმრები, თეთრი კაბა, მეჯვარე, წინასწარ მომზადებული სადღეგრძელოები და ქორეოგრაფთან დადგმული საქორწილო ცეკვა. თუმცა ყველა ეს ფორმალური დეტალი ვერაფრით ჩრდილავს მათ გულწრფელ სიყვარულსა და ერთმანეთის მიმართ სითბოს.
მაგრამ ერთ საღამოს, მეგობრებთან ერთად ქარვისფერი ღვინის ჭიქასთან (სალამი, საქართველო!), ემა მოულოდნელ აღიარებას აკეთებს: შორეულ მოზარდობაში ის გეგმავდა დანაშაულს, „იმას, რომლის სახელის ხსენებაც ამერიკაში არ შეიძლება“.
ამ ერთი შეხედვით შემთხვევითი აღიარებით იწყება ისტორია, რომელიც პერსონაჟებსა და მაყურებელს აიძულებს დაფიქრდნენ მორალზე, პასუხისმგებლობაზე, პატიებაზე და იმაზე, თუ სად გადის ზღვარი წარსულის შეცდომებსა და ადამიანის შეცვლის შესაძლებლობას შორის.