ფილმი რთულ მოზარდზე… თუმცა, თუ დავფიქრდებით, გაცილებით რთულები სწორედ ის უფროსები არიან, რომლებიც მას გარს აკრავენ.
ეს არის ფრანსუა ტრიუფოს პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი, რომელიც ნაწილობრივ ავტობიოგრაფიულია. თავად ტრიუფო ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვი იყო, დედასა და მამინაცვალთან იზრდებოდა და სკოლა 14 წლის ასაკში მიატოვა.
როგორც თავად ამბობდა: „ჩემთვის ბავშვობა მტკივნეული მოგონებების უწყვეტი ჯაჭვია. როცა დღეს ცუდად ვარ, საკუთარ თავს ვეუბნები: ‘მე უკვე ზრდასრული ვარ და შემიძლია მხოლოდ ის ვაკეთო, რაც მომწონს.’ მაგრამ მაშინ ბავშვობა ცხოვრების ყველაზე მძიმე ეტაპად მეჩვენებოდა — დროდ, როდესაც შეცდომის დაშვების უფლება არ გქონდა. შეცდომა თითქმის დანაშაულად ითვლებოდა: შემთხვევით თეფშს გატეხავდი და ეს უკვე ნამდვილი დანაშაული იყო.“
ამავდროულად, ეს „ფრანგული ახალი ტალღის“ ერთ-ერთი პირველი და უმნიშვნელოვანესი ფილმია — მოძრაობის, რომელიც ახალგაზრდა კინოკრიტიკოსებმა და რეჟისორებმა შექმნეს ტრადიციული, აკადემიური, ე.წ. „მამების კინოს“ წინააღმდეგ.