1920-იან წლებში მიღებულ იქნა თბილისის ინდუსტრიალიზაციისა და კეთილმოწყობის გეგმა. ძველი ქალაქი თავისი არარეგულარული განაშენიანებით, ეკლესიებითა და ქარავან-სარაიებით ვეღარ პასუხობდა საბჭოთა რესპუბლიკის დედაქალაქის როლს. ახალ საცხოვრებელ უბნებთან და მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, თანდათან იქმნებოდა ახალი ურბანული ცენტრები და მიზიდულობის წერტილები.
ერთ-ერთი ასეთი ცენტრი გახდა დღევანდელი რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორია. მთელი საბჭოთა პერიოდის განმავლობაში, წამყვანი არქიტექტორები აქ საკუთარი იდეების რეალიზაციას ახდენდნენ, რაც წარმოშობდა უნიკალურ არქიტექტურულ გარემოს. ამ შედარებით მცირე ტერიტორიაზე, შეგიძლიათ იხილოთ 1920-იანი წლების კონსტრუქტივიზმის, 1930–40-იანი წლების მდიდრული არქიტექტურის, 1960-იანი წლების ლაკონიური მოდერნიზმისა და 1970–80-იანი წლების მასიური ბრუტალიზმის მაგალითები.