უაღრესად ნატიფი ბგერითა და ბრწყინვალე ტექნიკური ოსტატობით გამორჩეული ალექსეი ვოლოდინი თანამედროვე საფორტეპიანო ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი შემსრულებელია და მისი რეპერტუარი განსაკუთრებული მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ვოლოდინი რეგულარულად გამოდის მსოფლიოს წამყვან საკონცერტო სცენებზე, მათ შორის ვენის Konzerthaus-ს, ბარსელონის Palau de la Música-ს, პარიზის ფილარმონიას, ფრანკფურტის Alte Oper-სა და მადრიდის Auditorio Nacional de Música-ში.
მან განათლება მიიღო მოსკოვის გნესინების აკადემიაში, მოგვიანებით კი - მოსკოვის კონსერვატორიაში ელისო ვირსალაძის კლასში. 2001 წელს ვოლოდინმა სწავლა განაგრძო კომოს ტბის საერთაშორისო საფორტეპიანო აკადემიაში. საერთაშორისო აღიარება მოიპოვა 2003 წელს ციურიხში, Géza Anda-ს საერთაშორისო კონკურსში გამარჯვების შემდეგ. ალექსეი ვოლოდინი Steinway-ის ექსკლუზიური არტისტია.
ედით პენია 2016 წლის Latin Grammy-ზე ნომინირებული იყო კატეგორიაში „საუკეთესო კლასიკური ალბომი“ მისი დისკისთვის Danzas en todos los Tiempos — საცეკვაო მუსიკის მოგზაურობა ბაროკოდან დღემდე.
იგი რეგულარულად თანამშრომლობს ვენესუელის სახელგანთქმულ სიმონ ბოლივარის ორკესტრთან, ასევე გამოდის როგორც სოლისტი გერმანიაში, ავსტრიაში, პოლონეთში, რუსეთში, საფრანგეთში, აშშ-ში, მექსიკაში, პერუში, დომინიკის რესპუბლიკაში, ესპანეთში, დიდ ბრიტანეთსა და კანადაში.
პენია დაიბადა კარაკასში, სადაც რვა წლის ასაკში შედგა მისი დებიუტი Orquesta Sinfónica Venezuela-სთან ერთად, ხოლო მომდევნო წელს ოჯახთან ერთად გადავიდა ფილადელფიაში, სადაც სწავლობდა სიუზან სტართან, ხოლო შემდეგ — სერგეი ბაბაიანთან კლივლენდში.
თბილისის საფორტეპიანო ფესტივალზე ისინი ერთობლივი პროგრამით უკვე მეორედ წარდგებიან, ამჯერად მენდელსონის, რახმანინოვისა და შუბერტის ნაწარმოებებით.
შუბერტმა ოთხი ხელისთვის შექმნილი ლიტერატურის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მემკვიდრეობა დატოვა. ასეთია მისი ფანტაზია — ნაწარმოები, რომელსაც ხშირად ოთხი ხელისთვის დაწერილ ყველაზე სრულყოფილ ქმნილებად მიიჩნევენ. იგი შეიქმნა 1828 წელს, კომპოზიტორის სიცოცხლის უკანასკნელ წელს. იმავე პერიოდს ეკუთვნის ალეგრო ლა მინორი — Lebensstürme („ცხოვრების ქარიშხლები“) — შუბერტის კიდევ ერთი გამორჩეული შედევრი.
პროგრამა
ფრანც შუბერტი (1797–1828) - ფანტაზია ფა მინორი, D. 940
ფელიქს მენდელსონი (1809–1847) - ანდანტე და ბრწყინვალე ალეგრო, Op. 92
ფრანც შუბერტი (1797–1828) - Lebensstürme, ალეგრო ლა მინორი, D 947
***
სერგეი რახმანინოვი (1873–1943) - 6 პიესა, Op. 11
ასაკობრივი შეზღუდვა 6+