ნიუ-იორკელი უსაქმური და აზარტული მოთამაშე ვილი თავის ახალგაზრდა უნგრელ ბიძაშვილ ევას უახლოვდება, რომელიც მას მოულოდნელად ესტუმრება. როდესაც ევა კლივლენდში, დეიდასთან საცხოვრებლად გადადის, ვილი თავის საუკეთესო მეგობარ ედისთან ერთად საპასუხო ვიზიტით მიემგზავრება მასთან.
თუმცა, როგორც ჯიმ ჯარმუშის ყველა ადრეულ ფილმში, აქაც სიუჟეტზე მნიშვნელოვანი თავად ამერიკა და მასში მცხოვრები ადამიანები არიან. საუბარია არა მხოლოდ ამ ადამიანების ურთიერთობებზე, არამედ მათ კავშირზე იმ ოთახებთან, რომლებშიც ცხოვრობენ, ქალაქის ქუჩებთან, გარეუბნებთან, სასადილოებთან და ავტომაგისტრალებთან.
ამ თვალსაზრისით, „სამოთხეზე უცნაური“ No Wave Cinema-ს ტიპური წარმომადგენელია — ამერიკული კინოს მიმდინარეობისა, რომელიც 1980-იან წლებში ნიუ-იორკში წარმოიშვა.
ამ მიმდინარეობის მთავარი არსი გადაღების ადგილის ატმოსფეროს მაქსიმალურად ზუსტად და ემოციურად გადმოცემაა. გარემო ფილმის სრულფასოვან, ზოგჯერ კი მთავარ პერსონაჟადაც იქცევა.
🏆 კანის კინოფესტივალის „ოქროს კამერა“ — საუკეთესო სადებიუტო ფილმისთვის.