სოლომონ გერშოვი "ავტოპორტრეტი" თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO

სოლომონ გერშოვი "ავტოპორტრეტი"

სოლომონ გერშოვის შემოქმედებითი გზა რთული და არაერთგვაროვანია. მისი მხატვრად ჩამოყალიბება ქალაქ ვიტებსკსა და იმ ცნობილ სამხატვრო გარემოს უკავშირდება, რომელიც ამ ქალაქში შექმნეს ჯერ იეჰუდა პენმა, შემდეგ კი - მარკ შაგალმა და კაზიმირ მალევიჩმა. გერშოვი მათი მოსწავლეა, მხატვრული მისწრაფებით კი უფრო შაგალის ხაზის მიმღებია და ნაკლებად იტაცებს მოდერნიზმის რადიკალური ფორმალისტური ძიებები. 1922 წელს იგი პეტროგრადში გადავიდა და კვლავ გამორჩეულ სამხატვრო წრეში მოხვდა. აქ მისი პედაგოგი გახლდათ ალფრედ ებერლინგი, ურთიერთობდა მხატვარ პაველ ფილონოვის საზოგადოებასთან.მოგვიანებით ნიჭიერ ახალგაზრდა შემოქმედს პირადად შეეხო საბჭოეთის იდეოლოგიური წნეხი; იყო ორი გადასახლება - ჯერ სამი და შემდეგ კი - რვა წლით. რეპრესიების შედეგად მხატვრის ამ პერიოდის შემოქმედება, ფაქტობრივად, სრულად განადგურდა. მეორე გადასახლებიდან იგი 1956 წელს დაბრუნდა, ოფიციალური რეაბილიტაციის შემდეგ კი ახალი ენერგიით გააგრძელა შემოქმედებითი საქმიანობა. ბევრს მუშაობდა, მისი ნამუშევრები კი ხშირად და წარმატებით იფინებოდა, ოღონდ, მეტწილად, უცხოეთში. სამშობლოში ჯერ კიდევ მაინც ეჭვის თვალით უყურებდნენ. მის შემოქმედებას ლაიტმოტივად გასდევს ცხოვრებისეული ტრაგიზმის განცდა, ებრაელი ხალხის გასაჭირი, კომუნისტური რეჟიმის მიერ რეპრესირებულ ადამიანთა ტკივილი; ხშირად ხატავდა განშორებას, დაკრძალვას, ბიბლიურ სიუჟეტებს. სოლომონ გერშოვის ნამუშევართა გამოფენები მოეწყო მოსკოვში, ლენინგრადში, ვიტებსკში, ლონდონში, პარიზში, ამერიკის შეერთებული შტატების არაერთ ქალაქში. 60-იან წლებში მხატვარი გარკვეული პერიოდი თბილისშიც ცხოვრობდა, სადაც ასევე ეწყობოდა მისი ექსპოზიციები. სწორედ ამის წყალობით, თბილისში მისი, არცთუ უმნიშვნელო, მემკვიდრეობა დაგროვდა.
სოლომონ გერშოვი "ავტოპორტრეტი"
3, A. Purtseladze St., Tbilisi
advertising

აღწერა

"აფრინდი ცაში და გადმოსძახე მსოფლიოს მისი არასრულყოფილების შესახებ", - ასე ხედავდა მხატვარი, გრაფიკოსი და ავანგარდის წარმომადგენელი სოლომონ გერშოვი თავის მისიას.

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გალერეა "ვაჩე"-ს კუთვნილი სოლომონ გერშოვის ნამუშევართა კოლექცია გამოიფინება. გამოფენა 14 ნოემბრის ჩათვლით გასტანს.

ადგილი

საქართველოს ეროვნული მუზეუმი
საქართველოს ეროვნული მუზეუმი
3, A. Purtseladze St., Tbilisi
საქართველოს ეროვნული მუზეუმი 2004 წელს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე დაფუძნდა. ის 1852 წელს თბილისში დაარსებული ”კავკასიის მუზეუმის” სამართალმემკვიდრე და ქვეყნის ხანგრძლივი სამუზეუმო ტრადიციების გამგრძელებელია. მისი დაარსებით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში სტრუქტურული, ინსტიტუციური და საკანონმდებლო რეფორმები დაიწყო. გაერთიანების შექმნის მიზანი იყო კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლების უდიდესი ნაწილის, მნიშვნელოვანი ინტელექტუალური და სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის თავმოყრა. ეროვნული საგანძურის ეფექტური მართვისთვის მუზეუმმა შემოიღო ერთიანი მართვის სისტემა, ერთიანი სამეცნიერო და საინფორმაციო ბაზა და განსაზღვრა სამუზეუმო პოლიტიკა. გაერთიანებაში შემავალი მუზეუმების ერთიან ქსელს გააჩნია სამეცნიერო-კვლევითი, სარესტავრაციო-საკონსერვაციო, საექსპოზიციო და საგანმანათლებლო საქმიანობის ინტერდისციპლინარული ფორმა. ეროვნული მუზეუმი ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობს საგანმანათლებლო და კულტურის სფეროს სხვა დაწესებულებებთან, სახელმწიფო და კერძო სექტორთან და ამით უზრუნველყოფს საქართველოს ეროვნული მუზეუმის ნაყოფიერ საქმიანობას. ეროვნული მუზეუმის ინსტიტუციური განვითარება UNESCO-ს, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით მიმდინარეობს.
ამ ადგილის ყველა ღონისძიება