ფილმის სიუჟეტი განზრახ აბსურდული და პაროდიულია: პოსტაპოკალიფსურ სამყაროში, სადაც საბჭოთა კავშირმა მესამე მსოფლიო ომი მოიგო და აშშ უდაბნოდ აქცია, ახალგაზრდა ბიჭი, სახელად ბადი, რომელიც ერთნაირი ოსტატობით ფლობს გიტარასაც და სამურაის ხმალსაც, მის მიერ გადარჩენილ მოზარდთან ერთად ლოსტ-ვეგასის — მომავალი სამყაროს დედაქალაქის — საძებნელად მიემგზავრება.
ფილმი სიკვდილის ველზე (Death Valley) გადაიღეს, ვადაგასული და ჩამოწერილი კინოფირით, რომელიც კომპანია Fuji-მ აჩუქა გადამღებ ჯგუფს, რადგან მის გადაგდებას ისედაც აპირებდნენ. ფინანსების უქონლობის გამო მსახიობებს ნაგავსაყრელებზე ნაპოვნ კოსტიუმებში აცმევდნენ.
როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ფილმი კინოგაქირავებაში ჩავარდა, მიუხედავად იმისა, რომ კრიტიკოსებმა აღფრთოვანებით მიიღეს. თუმცა დროთა განმავლობაში მან საკულტო სტატუსი მოიპოვა.
ფილმის ერთ-ერთი მთავარი დამსახურება ისაა, რომ სწორედ მისი წყალობით გაბრწყინდა „Red Elvises“-ის ვარსკვლავი — ამერიკული როკაბილის ჯგუფისა, რომელიც საბჭოთა კავშირიდან ემიგრირებული მუსიკოსებისგან შედგებოდა. მთელი ფილმის განმავლობაში ენერგიული როკ-ენ-როლი ჟღერს, რომელიც ხშირად რუსული ხალხური მუსიკის მოტივებში გადადის.
„ამ, ფაქტობრივად, დაბალბიუჯეტიანი ფილმის გადაღების შემდეგ, რაღაც პერიოდი საერთოდ დაგვავიწყდა მისი არსებობა, — იხსენებდა ჯგუფის ლიდერი იგორ იუზოვი. — მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ ჩვენს კონცერტებზე უცნაურ კოსტიუმებში გამოწყობილი ადამიანები გამოჩნდნენ, რომლებიც ჩვენთვის გაუგებარ ფრაზებს ყვიროდნენ. დროთა განმავლობაში, როცა „ექვსსიმიანი სამურაი“ (Six-String Samurai) ვნახეთ, მივხვდით, რომ ეს ყველაფერი სწორედ იქიდან მოდიოდა. კომპიუტერული თამაშების გავლენით პოსტაპოკალიფსური თემატიკის მიმართ გაჩენილი ინტერესი ჩვენთვის სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა“.