აღწერა
მეჩვიდმეტე საუკუნის საფრანგეთში, ჯერ კიდევ მაშინ როცა ქვეყანას ლუი XIII მართავდა, პარიზის უმშვენიერეს გოგონას - როქსანს ორი გასკონელი კადეტი გაუმიჯნურდა: სწორუპოვარი მეომარი და პოეტი - სირანო დე ბერჟერაკი და თვალწარმტაცი კრისტიან დე ნევილიეტი. ცალ-ცალკე მიჯნურობისთვის არც ერთი გამოდგება: სირანოს საკუთარი გარეგნობა ტანჯავს, კრისტიანმა კი უბრალოდ სასიყვარულო წერილების წერა არ იცის. თუმცა, ერთობლივად შეუძლიათ, როქსანს ქვეყნად ყველაზე ამაღელვებელი სასიყვარულო თავგადასავალი უსახსოვრონ.
„სირანო დე ბერჟერაკი“ მართლაც დიდი სიყვარულის, მეგობრობის, სიმამაცის ამბავია: მშვენიერი ლექსებითა და გულგასაგლეჯი ტრაგედიებით გაჯერებული, რომელიც რა ხანია აღელვებს და ცხარე ცრემლით ატირებს მაყურებელს. ასევე იქნებ დიდი ღალატის და ტყუილისაც, რომელსაც ხშირად ჯიუტად არ ვიმჩნევთ.
„სირანო უნდა მოკვდეს“ კლასიკური პიესის გადაწერილი ვერსიაა, სპექტაკლიკონცერტი, რომელშიც მეცხრამეტე საუკუნის პოეტური სტრიქონების ნაცვლად, პერსონაჟები თანამედროვე ჰიპ-ჰოპის ენით მეტყველებენ და სადაც ამ უცნაურ და უჩვეულო ამბავს ამჯერად უკვე ქალის - როქსანის მონათხრობის მიხედვით გავეცნობით, - ერთადერთი მთავარი გმირის, რომელიც პიესაში არ მომკვდარა და ჯერაც ცოცხალია.