The Why Not Gallery სიხარულით გიწვევთ ხელოვან ნატა ვარაზის პირველ სოლო გამოფენაზე „რბილ ქსოვილში შემალული“.
გამოფენა გრძელდება 25 თებერვლამდე
გამოფენაზე წარმოდგენილია თვითნასწავლი ხელოვანის ფერწერული ტილოები, მძაფრად ჩანს ხელოვანის ვიზუალური ენა, რომელსაც პედანტური, დაუღალავი შრომის შედეგად მიაღწია. ნატა ვარაზის მხატვრული ხედვა არ ცდილობს აღწეროს რეალობა, ხელოვანი ქმნის სიზმრისეულ კომპოზიციებს, რომლებიც კავშირშია ფანტასტიკურსა და ირაციონალთან. ეს სურეალისტური გამოსახულებები რეალობიდან ირეალურში გადასვლის მომენტებზეა, ნახატებში ხშირად მეორდება ფანჯარა, სარკმელი, გარღვეული კედელი, რომლებიც რამოდენიმე, პარალელურად მიმდინარე რეალობის კავშირს გვაჩვენებს. ამ სივრცეებს შორის კავშირად გამჭვირვალე, ქარში მოფრიალე ნაჭერი გვევლინება, მსუბუქი, როგორც ჰაერი, პლასტიური როგორც წყალი ერთი სივრციდან მეორეში გადაედინება და ნახევრად ხილულ კავშირებს ქმნის.