„ფრანგული კინოს ექსპერიმენტების ველი“, „ახალი ტალღის“ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფილმი და ბონი და კლაიდის ისტორიის ავანგარდული ინტერპრეტაცია. მთავარი გმირი, ფერდინანდი, შეძლებული მეუღლისგან გარბის თავისი შვილის ძიძასთან ერთად. ისინი მოპარული ფულით სავსე გატაცებული ავტომობილით ზღვისკენ მიემართებიან.
ეს გოდარის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფილმია, რომელმაც გავლენა მოახდინა რეჟისორთა არაერთ თაობაზე — კვენტინ ტარანტინოდან ქსავიე დოლანამდე. ცნობილი ფრანგი პოეტი და მწერალი ლუი არაგონი ამბობდა, რომ თანამედროვე ხელოვნება სწორედ „შეშლილი პიეროა“. ფილმში თავმოყრილია ყველაფერი, რის გამოც გოდარს ან აღმერთებენ, ან ვერ იტანენ: ფერთან თამამი თამაში („ეს სისხლი არ არის, უბრალოდ წითელია!“), მრავალშრიანი დიალოგები, კინოციტატები და თვითციტირებები.
„შეშლილი პიერო“ საფრანგეთში ცნობილი დამნაშავის მეტსახელი იყო. თავისი ხანმოკლე სიცოცხლის განმავლობაში მან მოასწრო ყოფილიყო ყაჩაღი, განგსტერი, გესტაპოს თანამშრომელი, წინააღმდეგობის მოძრაობის წევრი, შემდეგ კი კვლავ განგსტერი. ფილმი მის შესახებ არ არის, თუმცა იმდროინდელი ფრანგი მაყურებლისთვის სათაური სწორედ ამ ფიგურას უკავშირდებოდა.