სპექტაკლი მოგვითხრობს სიმსივნით დაავადებული ბავშვების გამოწვევებზე, სადაც ფიზიკურ ჯანმრთელობასთან ერთად დგება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებიც.
ათი წლის ბიჭი — სახელად ოსკარი, სიმსივნითაა დაავადებული. იგი აღწერს საკუთარ ცხოვრებას საავადმყოფოში, სადაც რამდენიმე მეგობარი ჰყავს — „პოპ-კორნი“, „ბეკონი“, „აინშტაინი“. ეს ზედმეტსახელები, თითოეულის დაავადებას უკავშირდება. ოსკარს საავადმყოფოს ერთ-ერთი პაციენტი, „პეგი-ბლუ“ უყვარდება, რომელიც, ეიზენმენგერის სინდრომის გამო ლურჯადაა შეფერილი. ბავშვებზე ვარდისფერ უნიფორმაში გამოწყობილი ექთნები — ე.წ. „ვარდისფერი ქალბატონები“ ზრუნავენ. ოსკარისთვის, ერთ-ერთი ვარდისფერი ქალბატონი (დედა-როზა), მეორე დედად იქცა. როდესაც მან შეიტყო, რომ სიცოცხლის თორმეტი დღე დარჩა, დედა-როზამ მას ერთგვარი თამაში შესთავაზა, რომლის მიხედვითაც, ოსკარის სიცოცხლის დარჩენილი თითოეული დღე ათ წელიწადს უდრიდა. ოსკარი ყოველი დღის განმავლობაში წერილებს წერს, რომელთა ადრესატიც ღმერთია.
დედა-როზასა და ოსკარის სტრატეგიები მკურნალობის პერიოდის შემსუბუქებისთვის რეალურად წარმოადგენს თამაშით თერაპიას, რასაც განვითარებულ ქვეყნებში ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვებთან აქტიურად იყენებენ, თუმცა საქართველოში ჯერ-ჯერობით არ არის დანერგილი და დიდ გამოწვევად რჩება სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვისაც.