ქართველი პიანისტი დუდანა მაზმანიშვილი თბილისში დაიბადა და მუსიკალური განათლება სამი წლის ასაკში, დედის — თამარ აფაქიძის ხელმძღვანელობით დაიწყო. რვა წლის ასაკში კი შედგა მისი დებიუტი საქართველოს სახელმწიფო ორკესტრთან ერთად. მიუნხენში მან სწავლა განაგრძო გამოჩენილი ქართველი პიანისტის, ელისო ვირსალაძის კლასში, მოგვიანებით კი ნიუ-იორკში, ამერიკელი პიანისტის ჯერომ როუზის ხელმძღვანელობით.
დუდანა მაზმანიშვილი არაერთი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატია, მათ შორის ფერუჩო ბუზონის სახელობის საერთაშორისო კონკურსისა. მისი დებიუტი Carnegie Hall-ში მუსიკალურმა კრიტიკოსმა ჰარის გოლდსმითმა შეაფასა როგორც „განსაცვიფრებლად ვირტუოზული და შთამბეჭდავი“. ჟურნალმა Musical America-მ კი მას „წლის ამომავალი ვარსკვლავის“ წოდება მიანიჭა.
მისი კარიერის მნიშვნელოვანი გამოსვლები შედგა ისეთ დარბაზებში, როგორებიცაა: Phillips Collection, მიუნხენის Philharmonie Gasteig, პარიზის Salle Cortot, ვენის Musikverein, ბერლინი ფილარმონია და ჰამბურგის Elbphilharmonie.
დანიელ ბარენბოიმის მიწვევით მან მონაწილეობა მიიღო Klavier-Festival Ruhr-ში. დანიელ ჰოუპის მიწვევით იყო ARTE-ს პროექტ Hope@Home-ის მონაწილე. Einstein Foundation-ის მიწვევით კი სოლისტის სტატუსით გამოვიდა ბერლინის რადიოს დიდ სამაუწყებლო დარბაზში.
საკონცერტო მოღვაწეობის პარალელურად, დუდანა მაზმანიშვილი არის დიპლომატი, ევროპის კულტურული პარლამენტის წევრი და თბილისის საფორტეპიანო ფესტივალის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი.
კარლო პონტი ცნობილია გამორჩეული ინტერპრეტაციული ხედვით.
მან სადირიჟორო განათლება Connecticut Conductors Institute-ში მიიღო ჰაროლდ ფარბერმანის ხელმძღვანელობით. მოგვიანებით თანამშრომლობდა ანდრეი ბორეიკოსთან, ზუბინ მეტასთან ლოს-ანჯელესში, ხოლო სწავლა განაგრძო ვენის მუსიკის აკადემიაში ლეოპოლდ ჰაგერისა და ერვინ აჩელის ხელმძღვანელობით.
2006 წელს კარლო პონტის მიენიჭა იტალიის Premio Galileo, მუსიკალურ ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.
ამერიკის შეერთებულ შტატებში იგი დააჯილდოვეს Artistic Achievement Award-ითა (2008) და Spirit of Hope Award-ით (2009), რომელიც გადაეცა ახალგაზრდა მუსიკოსების მხარდაჭერისა და მუსიკალური განათლების განვითარების სფეროში შეტანილი წვლილისათვის.
იტალიაში იგი გახდა Lupa di Roma-ს პრემიის ლაურეატი, მიიღო Premio Civitas-ის ჯილდო, ხოლო 2022 წელს — Assoutenti-ს პრემია, რომელიც კულტურათაშორისი დიალოგისა და საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობისათვის გადაეცა.
2023 წელს იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით მას მიენიჭა Ordine della Stella d’Italia — ერთ-ერთი უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო, მსოფლიო მასშტაბით კლასიკური მუსიკის განათლებისა და საშემსრულებლო ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.
2013 წელს კარლო პონტიმ დააარსა Los Angeles Virtuosi Orchestra, რომლის მუსიკალური და სამხატვრო ხელმძღვანელიც დღემდეა. ორკესტრის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ახალგაზრდების მუსიკალური განათლების მხარდაჭერა და ახალი თაობის ხელოვანთა ხელშეწყობა.
მისი საქმიანობა და შემოქმედება გაშუქებულია მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებების მიერ, მათ შორის ABC, CBS, NBC/Universal, NPR, PBS, ORF, Sky News, Fox News, Associated Press, Classical KUSC და Performance Today.
ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი
საქართველოს სიმფონიური ორკესტრი 1925 წელს დაარსდა და მისი პირველი სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი ივანე ფალიაშვილი გახლდათ. 1933 წელს ორკესტრს სახელმწიფო სტატუსი მიენიჭა და მთავარ დირიჟორად 1937 წელს რეპრესირებული - ლეგენდარული ევგენი მიქელაძე დაინიშნა. 1971 წელს საქართველოს სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრს დამსახურებული ორკესტრის წოდება მიენიჭა, ხოლო 1994 წელს - ევგენი მიქელაძის სახელი.
ორკესტრს ქონდა წარმატებული კონცერტები მსოფლიოს ისეთ ცნობილ საკონცერტო დარბაზებში, როგორიცაა ბერლინის ფილარმონია, ამსტერდამის კონცერტგებაუ, ათენის MAGARO, პარიზის LES INVALIDES, პიერ კარდენის ცენტრი, UNESCO-ს საკონცერტო დარბაზი და SALLE PLEYEL-ი, პეტერბურგის შოსტაკოვიჩის სახელობის ფილარმონია, მოსკოვის კონსერვატორიის დიდი დარბაზი, ბერლინის კონცერტჰაუზი, ბრიუსელის ნატიფი ხელოვნების სასახლე BOZAR-ი, სტრასბურგის CONVENTION CENTRE, ტალინის NORDEA, ჰამბურგის ELBPHILHARMONIE, ფრანკფურტის ALTE OPER და სხვ.
დღეისათვის ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორია კახი სოლომნიშვილი, სამხატვრო ხელმძღვანელი - ნიკოლოზ რაჭველი.