ისრაელელი დრამატურგის ანათ გოვის (1953-2012) პიესა ეხმიანება ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიც არის: რელიგია და რწმენა, ფემინიზმი, ადამიანის სული და პიროვნების ადგილი თანამედროვე საზოგადოებაში და მრავალი სხვა.
ეს გახლავთ იუმორითა და სევდით გაჯერებული უცნაური ამბავი ათეისტ ფსიქოლოგ ქალზე, რომელსაც თვით ღმერთი მოევლინება, თუმცა ოდნავ უჩვეულო სახით - პაციენტის ამპლუაში. კაცობრიობაზე განაწყენებული, გადაღლილი ღმერთი გადაწყვეტს ფსიქოლოგს ესტუმროს, რომ როგორმე თავიდან ამოიგდოს აკვიატებული აზრი მეორედ მოსვლის შესახებ.
წარმოდგენა ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრისა და ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის დრამატული თეატრის ერთობლივი პროექტი გახლავთ. სპექტაკლის საპრემიერო ჩვენება შედგება როგორც ოზურგეთში, ისე თბილისში.
სპექტაკლი ეძღვნება მსახიობ ზურა ბერიკაშვილის ნათელ ხსოვნას. სწორედ ამ პიესაში შეასრულა მსახიობმა თავისი უკანასკნელი როლი მარჯანიშვილის თეატრში.