ინოვაციური, ტაქტილური ფილმი ახალგაზრდა ამერიკელზე, რომელიც ბულგარეთში ეძებს იდუმალ და მშვენიერ მეძავს. ფილმი დაფუძნებულია არა სიუჟეტსა და დიალოგებზე, არამედ კანის ქვეშ ჩამწვდომ ხმოვან და სხეულობრივ იმპულსებზე. გრანრიეს ფილმები სავსეა ხმებით – ყვირილი, კვნესა, სუნთქვა, ხრინწი და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – მუსიკა: „ახალ ცხოვრებაში“ ერთმანეთზე ეჯახება შიშინ-დაბინდული ინდუსტრიული რიტმები, სენტიმენტალური მელოდიები და დისკოთეკების გამაყრუებელი ბითები.
ფილიპ გრანრიე:
„ხმა და მუსიკა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ჩემს ფილმებში. „ახალი ცხოვრების“ ხმა გაჩნდა ბევრად ადრე, ვიდრე გამოსახულება. როცა ერიკ გიიართან ერთად სცენარის პირველი ვერსია დავამთავრეთ, ის ჯგუფ Etant Donné-ს გავუგზავნე, და მათ დაიწყეს მუსიკის ჩაწერა მაშინ, როცა კადრებიც კი არ გვქონდა. ჩვენ სწორედ ამ ჩანაწერს ვიყენებდით გადაღებისას. ეს ხმა ერთგვარი ექოა „დიდი აფეთქებისა“, რაც სამყაროს შექმნას უძღოდა წინ – კატასტროფის ნაშთი, რომლის მოწმენიც არ ვყოფილვართ, მაგრამ რომლის ექოც კი შეგვიძლია გავიგონოთ.“
ფილმის შემდეგ ვიხარშავთ ჩაის და ვუზიარებთ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს. შეხვედრას გაუძღვება ფილოსოფოსი და კინომცოდნე (და კინოთეატრის თანადამფუძნებელი) ვარია ვლასოვა.