აღწერა
ზურაბ გეწაძის სპექტაკლი „მარტორქები“ ყველა იმ „იზმები“-ს წინააღმდეგ ილაშქრებს, რომლებიც ადამიანურ გრძნობებზე მაღლა დგება: სიკეთე, სიყვარული, თანაგრძნობა, მწუხარება, შეცდომები, აბსურდულობა - და ყველა ადამიანური სისუსტე მცირდება და ითელება „იზმების“ მაღალ იდეებთან შედარებით (ფაშიზმი, კომუნიზმი, სოციალიზმი, ანტისემიტიზმი, რასიზმი, კოლექტივიზმი, კაპიტალიზმი...). სპექტაკლი „არას“ თქმის უნარს ეხება, რის გამოც პიროვნება შეიძლება საზოგადოებასთან დაპირისპირებაში სულ მარტოც დარჩეს - რაც ძალიან რთულია, თუმცა ყოველთვის გამოჩნდებიან ისეთი ინდივიდები, რომლებსაც არ სურთ კოლექტიურ სიტყვებსა და „საყოველთაო“ აზრებში გაერთიანება. კიდევ, უფრო მოკლედ, შეგვიძლია ვთქვათ: ეჟენ იონესკოს „მარტორქები“ ადამიანის ღირსების ჰიმნია.