მშვიდი, მორალიზებისა და პათოსისგან თავისუფალი ფილმი გოგონაზე, რომელიც აბორტის გასაკეთებლად ფარულად მიემგზავრება.
17 წლის ოტემი იგებს, რომ ორსულადაა და ნიუ-იორკში მიდის, რადგან მშობლიურ ქალაქში მორწმუნე მედდა მის გადარწმუნებას ცდილობს. თავის ბიძაშვილ სკაილართან ერთად ის პირველად აღმოჩნდება სრულიად მარტო დიდ ქალაქში — ფულისა და ღამის გასათევი ადგილის გარეშე. გოგონებს რამდენიმე ხანგრძლივი და დამღლელი დღის გატარება უწევთ კლინიკის გადაწყვეტილების მოლოდინში, ძილს კი ხან მეტროში, ხანაც პატარა კაფეებსა და სასადილოებში ახერხებენ.
ფილმის ტემპი საოცარი სიზუსტით თანაუგრძნობს გმირებს — ის ნელი, გაწელილი და ძილმორეულია. თითქოს თავად ფილმიც გოგონებთან ერთად თვლემს და მაყურებელს მათ დაღლილობაში, გაურკვევლობასა და მოლოდინში ითრევს, თუმცა ამის გამო მოსაწყენი არც ერთი წამით არ ხდება.
ელიზა ჰიტმანის მესამე ფილმმა 2020 წელს დიდი გამოხმაურება გამოიწვია და ჟიურის პრიზები მოიპოვა როგორც „სანდენსზე“, ისე ბერლინში. ეს არის ფილმი ერთდროულად მაკროსამყაროს — ქალაქის — და მიკროსამყაროს — ოჯახის — მტრულ გარემოზე, რომელიც დიდი სიფაქიზით აღწერს ხშირ, თუმცა ხშირად მიჩქმალულ მტკივნეულ გამოცდილებას.
🏆 ფილმი ნომინირებული იყო ბერლინალეს მთავარ პრიზზე — „ოქროს დათვზე“ და მოიპოვა „ვერცხლის დათვი“ — ჟიურის გრან-პრი. „სანდენსის“ კინოფესტივალზე კი მიიღო ჟიურის სპეციალური პრიზი „ნეორეალიზმისთვის“.