თვალისთვის ნამდვილი დღესასწაული – ვიმ ვენდერსის მთავარი ფილმი. ლამაზი, პოეტური, ამაღლებული და, რაც მთავარია, ნიკ ქეივით.
„ეს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პარადოქსია კინოს ისტორიაში – რადიკალური ექსპერიმენტი, რომელიც შეუთავსებელს აერთიანებს: ბერლინის დოკუმენტურ რეალობასა და მისი მცხოვრებლების ყოფას (ფილმში არაპროფესიონალი მსახიობები მონაწილეობენ, ნიკ ქეივი და პიტერ ფალკი კი საკუთარ თავს თამაშობენ) ზღაპრულ სიუჟეტთან, სადაც ანგელოზი საცირკო აკრობატზე შეყვარებულა.
ფილმი მოულოდნელად ხალხის ფავორიტად და ნამდვილ კულტურულ მოვლენად იქცა, ისე რომ ციტატებად დაიშალა – თუმცა, საბოლოოდ მივიღეთ მისივე კარიკატურული ჰოლივუდური რიმეიკი ნიკოლას ქეიჯთან ერთად. „ბერლინის ცა“ უფრო რთულია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს: რომანტიკული სიუჟეტი მხოლოდ საბურველია. სინამდვილეში, ეს ფილმი რეალობასა და ილუზიას შორის დაპირისპირებაზე, იდეალიზმის უაზრობაზე, სამყაროს შეუქცევად ცვლილებებზე და ბოროტების დაუცხრომელ ბუნებაზე მოგვითხრობს.
გარდა ამისა, ეს ფილმი არა მხოლოდ მწერლის მიერ მოფიქრებული, არამედ მწერლის შესახებაც არის. ფერადი სიყვარულისთვის შავ-თეთრ უკვდავებაზე უარის მთქმელი ანგელოზი დამიელი (მშვენიერი ბრუნო განცი) პირველ და ბოლო სცენებში თავის ფიქრებს ფურცელზე გადმოწერს, ხოლო მოხუცი მთხრობელი ჰომეროსი (კურტ ბოა, რომელიც ჯერ კიდევ „კასაბლანკაში“ მონაწილეობდა) მცდელობს, რომ ბნელი დროების ფრაგმენტული მოგონებები ერთ მთლიან თხრობაში შეკრას – თუმცა ეს არც ისე ადვილია.
ფინალური ტიტრებში ფილმი ეძღვნება ყველა ყოფილ ანგელოზს, მაგრამ განსაკუთრებით – იასუძიროს, ფრანსუას და ანდრეს. საუბარია იასუძირო ოძუზე, ფრანსუა ტრიუფოზე და ანდრეი ტარკოვსკიზე.