მარიამ ახობაძე: “სტატიკური თამაშები” თბილისში ᐉ ღონისძიებების აფიშა | YOLO | Yolo
ღონისძიება უკვე ჩატარდა
მარიამ ახობაძე: “სტატიკური თამაშები”

მარიამ ახობაძე: “სტატიკური თამაშები”

მარიამ ახობაძე: “სტატიკური თამაშები”
12, ზ. ავალიშვილის ქ.
ინგლისური, რუსული, ქართული

აღწერა

 

გამოფენის გახსნა

მარიამ ახობაძე: “სტატიკური თამაშები” 

 

“ხელოვნების ფონდი ანაგი”, “The Why Not Gallery”-სთან თანამშრომლობით, წარმოგიდგენთ მარიამ ახობაძის პერსონალურ გამოფენას “სტატიკური თამაშები”.

🗓️ თარიღი: 15 აპრილი, 2026

⏰ დრო: 19:00 საათი

📍 ადგილი: ხელოვნების ფონდი ანაგი, ზურაბ ავალიშვილის ქ. 12, პარკ ჰოუმ ვაკე 

🎟️ დასწრება თავისუფალია

გამოფენა 2026 წლის 30 აპრილამდე გაგრძელდება.

ახალგაზრდა მხატვრის ფერწერული ტილოების ეს სერია ფიზიკურ სხეულებზეა ფოკუსირებული. თავისუფალ ვარდნაში, დინამიკასა თუ სკულპტურულ უძრაობაში მყოფი, სტილიზებული ფიგურები ტანვარჯიშის ილეთებს ასრულებენ სივრცეში, სადაც პერსპექტივა გამქრალია, დრო კი – შენელებული. 

ფიგურებისა და სივრცის პასტელური ტონები კონტრასტს ქმნის პლასტმასის სათამაშოს ინტენსიურ ცისარტყელას ფერებთან. ყველასათვის ნაცნობი ბავშვობის ობიექტი – ტაქტილური სპირალი – სერიის გამაერთიანებელი მოტივია. ბავშვობაში ხშირად გვსმენია, რომ ამ ფერად სათამაშოს კიბის საფეხურებზე ხტუნვა-ხტუნვით დაშვება შეეძლო. ამ ლეგენდას მხატვარი ვიზუალურ ნარატივად გარდაქმნის: ფერადი სპირალი ერთი ნახატიდან მეორეში ინაცვლებს და სიუჟეტებს კონცეპტუალურად კრავს. 

მარიამ ახობაძე თავის სერიებს ხშირად ერთი, თითქოს მარტივი და უმნიშვნელო, ნივთის ირგვლივ აგებს. ამ ნივთით “მოხიბლული” მხატვარი, მას სხვადასხვა ამბის ნაწილად აქცევს. ამ შემთხვევაშიც ასეა: პლასტმასის „ცისარტყელას“ ხან ტანმოვარჯიშეები ატრიალებენ, ხანაც ოთახში მყოფი მეგობრების ხელიდან ხელში გადადის. ერთგან ის დამაკავშირებელი მედიუმია, მეორეგან – ურთიერთობებში არსებული დაძაბულობის მაცნე, მესამე ნამუშევარში – უკვე თავშექცევის ობიექტი მარტოობიის, ფიქრისა თუ მოცალეობის ჟამს. 

ნამუშევრებში ინტროსპექცია და დეზორიენტაცია, ემოციური რიგიდობა, კონტროლი და სპონტანურობა ერთმანეთს კალეიდოსკოპურად ცვლის. ურთიერთსაწინააღმდეგო მდგომარეობები თამაშად და ემოციურ სავარჯიშოდ გარდაიქმნება. მხატვარი დამთვალიერებელს ერთგვარ “ასოციაციობანას” სთავაზობს, რომელიც წარმოსახვაში, მოგონებებში, განცდებსა და შეგრძნებებში მოგზაურობისკენ გვიბიძგებს. 

 

🔵 მარიამ ახობაძე (დ. 1990) ქართველი ფიგურატიული მხატვარია. 2017 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მაგისტრატურა, ფერწერის მიმართულებით. პერსონალური გამოფენებიდან აღსანიშნავია: “Ordinary Life”, საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმი “ქარვასლა”, 2021 და “Shadows Determine Time”, The Why Not Gallery, 2024. მნიშვნელოვანი ჯგუფური გამოფენები: “Frozen Forest”, Abu Dhabi Art Fair 2023 (კურატორები “Les Radicants” და ნიკოლა ბურიო). სხვადასხვა დროს, მისი ნამუშევრები გამოფენილი იყო ისრაელში, იტალიაში, პოლონეთში, სომხეთსა და სხვა ქვეყნებში.

 

🔵 The Why Not Gallery 

გალერეა 2018 წელს, მხატვარმა გვანცა ჯიშკარიანმა და კურატორმა ელენე კაპანაძემ დააარსეს. ეს ექსპერიმენტული, არაკომერციული საგამოფენო სივრცე თავდაპირველად მიწისქვეშა გადასასვლელის ვიტრინაში იყო განთავსებული. 
2020 წელს სრულფასოვანი საგამოფენო სივრცე და პროგრამა შეიქმნა. გალერეის მიზანი ახალგაზრდა ქართველი ხელოვანების მხარდაჭერა და პოპულარიზაციაა. ის აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა ორგანიზაციასთან როგორც საქართველოში, ისე – ქვეყნის გარეთ. “The Why Not Gift Shop” პროექტის ფარგლებში, გალერეა ასევე შეზღუდული რაოდენობის ნივთებს აწარმოებს. 2023 წლიდან არის NADA-ს (New Art Dealers Alliance) წევრი.

ფოტო და ვიდეო

მარიამ ახობაძე: “სტატიკური თამაშები”

ადგილი

Art Foundation Anagi

ხელოვნების ფონდი „ანაგი“, თბილისი აერთიანებს საქართველოს ხელოვნების მემკვიდრეობას კვლევაზე დაფუძნებულ ინოვაციურ კურატორობასთან და გლობალურ თანამშრომლობასთან.

ამ ადგილის ყველა ღონისძიება