როგორ შეიძლება, რომ ყველაზე დაბალ საფეხურზე მდგომი, თითქმის შეუმჩნეველი თანამშრომელი უეცრად გადაიქცეს დამანგრეველ ძალად, რომელიც საფრთხეს უქმნის საზოგადოებას? რეჟისორი ოსკარას კორშუნოვასი და მსახიობი ეიმანტას პაკალკა ამ კითხვაზე პასუხის პოვნას ცდილობს მონოსპექტაკლში „შეშლილი“, რომელიც უკრაინელი კლასიკოსის, ნიკოლაი გოგოლის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით არის დადგმული. მე-19 საუკუნეში დაწერილი ეს მოთხრობა 21-ე საუკუნის დასაწყისში მეტად აქტუალური და თანამედროვეა.
„კაცი, რომელიც სასოწარკვეთით ცდილობს, იყოს ნორმალური, მთელი ძალით ცდილობს, ყველას დაემსგავსოს, საბოლოოდ კარგავს საკუთარ იდენტობას. პარადოქსულია, მაგრამ სწორედ, როცა საკუთარ თავს კარგავს, უფრო და უფრო რადიკალური ხდება — რადგან თავად იმდენად ბევრი ჩადო ამ ნორმალურობაში, ვეღარ უძლებს უცნაურობას. უცნაური ადამიანები და "ფრიკები" მისთვის მტრები ხდებიან. იგი უცნაურობას ყველაზე უბრალო საგნებშიც კი ხედავს. ადამიანი, რომელიც საზოგადოებაში ინტეგრირდა, როგორც ქამელეონი - ბოლომდე გაიხსნა მასში, საბოლოოდ დაკარგა საკუთარი თავი და მანიაკალურ მეგალომიანიად იქცა, რომელიც საფრთხეს წარმოადგენს საზოგადოებისთვის" - ასე ხსნის სპექტაკლის იდეას ოსკარას კორშუნოვასი.
რეჟისორის თქმით, მას ხიბლავს პიესის მექანიზმი, რადგან ის საშუალებას აძლევს ყველაზე დაბალჩინოსან მოხელეს, ბოლოს ისეთი მაშტაბის შეთქმულებები დაგეგმოს, რომლებიც მსოფლიოს უდიდეს დიქტატორებს შეშვენით. უფრო მეტიც - ეს მატრიცა დღესაც შესანიშნავად ფუნქციონირებს.
"ამ მოთხრობაში ჩემთვის საინტერესო სწორედ მექანიზმია - როგორ იქცევა ჩვეულებრივი სახელმწიფო მოხელე ისეთ ფიგურად, რომელიც ნაპოლეონის ან ჰიტლერის მსგავსი გეგმებით მოქმედებს. გოგოლი ამას უნიკალური ფორმით გვიჩვენებს. საჭიროა გავიაზროთ, რომ ეს მექანიზმი არც შეშლილს ეკუთვნის და არც მხოლოდ გოგოლის ეპოქას - ეს მატრიცა ჩვენშია, ის მუდამ არსებობს. ეს არის წინასწარმეტყველური ისტორია ფაშიზმის წარმოშობაზე - როგორ იბადება წესრიგისა და სამართლიანობისკენ სწრაფვა, როგორ იკვეთება ამ ღირებულებებში პერვერსია, რომელიც მეგალომანიამდე, მსოფლიოს შეცვლის იდეამდე და საბოლოოდ სიგიჟემდე მიჰყავს ადამიანს. ასე მოხდა მეოცე საუკუნის უდიდეს დიქტატორებთან. დღეს კი მთელი მსოფლიო სულ უფრო და უფრო პურიტანულ გზაზე დგას - ყველაფრის სტანდარტიზაცია ხდება. პოლიტიკურ სივრცეში ნორმალურობა ხშირად იქცევა პათოლოგიურ გადაწყვეტილებად, რომელიც ეჭვიანობას ემყარება. ასე შეიძლება უმცირესი ნამსხვრევი გადაიქცეს "სამართლიანობის" სახელით მოძრავ გიგანტურ, დამანგრეველ ლოდად" - ამბობს კორშუნოვასი.
რეჟისორის თქმით, ეიმანტას პაკალკა გამორჩეული მსახიობია და სწორედ ასეთი მსახიობები თუ შეძლებენ "შეშლილის" თამაშს.
"ეიმანტას პაკალკა უაღრესად ნიჭიერი მსახიობია, და სწორედ ასეთი მსახიობები თუ შეძლებენ "შეშლილის“ შესრულებას. ამ დრომდე ლიეტუვაში ამ მასალაზე მხოლოდ ძალიან გამორჩეული მსახიობები მუშაობდნენ - ვალენტინ მასალსკისი, დაინიუს კაზლაუსკასი და ვაინიუს სოდეიკა. ამ როლის მასშტაბი უკიდურესად დიდია. ყველა ამ მსახიობს აქვს რაღაც არსებითი ხიბლი, უნიკალური ბუნება" - ამბობს ოსკარას კორშუნოვასი.